თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს საგარეო კურსი გაჟღერებული აქვს და ეს ევროპაში ინტეგრაციაა.
"კერძო არხის ჟურნალისტის მდაბიო გამოხტომები არ უნდა იყოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დალაგების ან არევის კრიტერიუმი. ლავროვი გამოცდილი პოლიტიკოსია, დიდი პოლიტიკოსია და მას არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რაღაცები. მოწოდებით ვის უნდა მოვუწოდოთ ჩვენ, ხელისუფლებამ, იმ დესტრუქციულ ძალას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს? ჩვენ გაჟღერებული გვაქვს ჩვენი კურსი. ეს არის ევროპაში ინტეგრაცია. რუსეთთან მიმართებით გვაქვს დაბალანსებული პოლიტიკა. ჩვენთვის კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ იმ რეფორმებით, იმ წინგადადგმული ნაბიჯებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულება, თუნდაც ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, მთავარი ამოცანა არის, გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია" - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






