საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა.
კანდიდატები იუსტიციის საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.
17 ივლისს, 11 საათიდან მოუსმენენ ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს და მერაბ გაბინაშვილს. 18 ივლისს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს, გიორგი გოგიაშვილს, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს.
მოსმენა თითოეულ კანდიდატთან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. გასაუბრების დაწყებამდე მოისმენენ კანდიდატის ბიოგრაფიულ მონაცემებს; ამის შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კითხვებს დასვამენ, რომელიც შეძლებისდაგვარად ერთნაირი სირთულის უნდა იყოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარბაზში პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისაღებში განთავსებულ სპეციალურ მონიტორზე გადაიცემა, რომლის საშუალებითაც მედიის წარმომადგენლებს გადაღების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე - ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პროცესს დააკვირდეს.
გარდა ამისა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ვიდეო ოქმები.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი 11 საათიდან დაიწყო და საჯაროდ წარიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






