დედაქალაქის მერის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს.
მისი თქმით, თბილისში ახალი 18 და 24-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა და მიკროავტობუსების პარკის განახლება იგეგმება.
„თვითონ რეფორმას რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვექნება ერთიანი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი. ეს ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით სრული პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გვექნება. ჩვენი სატრანსპორტო რეფორმა კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ნიუანსს ითვალისწინებს, რაზეც აქამდეც ბევრი გვილაპარაკია. ახლაც მინდა რამდენიმე დეტალი გაგაცნოთ: დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. მათთვის შეიქმნება შესაბამისი საავტობუსო ზოლები, ინფრასტრუქტურა, რათა ამ ზომის ავტობუსებმა შეძლონ უპრობლემოდ და თავისუფლად გადაადგილება დედაქალაქის ქუჩებში“, - აღნიშნა მერმა.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, კახა კალაძის თქმით, ისინი 2011 წელს იქნა შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და უმძიმესია შესაბამისად, მერია აწარმოებს მოლაპარაკებას კერძო კომპანიასთან მიკროავტობუსების პარკის სრულ განახლებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






