თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მიკროავტობუსები გარეუბანში გადაინაცვლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტში, ითვალისწინებს მთელი ქალაქის სატრანსპორტო ქსელის გადანაწილებას იმგვარად, რომ მიკროავტობუსები ივლიან ისეთ მარშრუტებზე, სადაც ქუჩების გაბარიტებიდან გამომდინარე ვერ გადაადგილდება ავტობუსი, ან დღესდღეობით გადაადგილდება და ქმნის შეფერხებებს.
„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის განხორციელება, თუმცა სამწუხაროდ, კონკრეტული სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ არასწორმა ინფორმაციამ არ შეიყვანოს შეცდომაში. ფრანგული კომპანია „სისტრა“ გვიკეთებს კვლევას მთელი ქალაქის მასშტაბით, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო ავტობუსებთან და მიკროავტობუსებთან მიმართებაში. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებს მხოლოდ გარეუბნებში და გარეუბნების მოსახლეობა ისარგებლებს იმ ტრანსპორტით, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მინდა გითხრათ, რომ მიკროავტობუსების გადანაწილება მოხდება ერთიან სისტემაში და არ იქნება გამოყოფილი გარეუბანი და ცენტრალური უბანი. მიკროავტობუსები ივლიან მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას ქუჩის გაბარიტების გამო. შესაბამისად, მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება უახლოეს მომავალში. ჩვენ არასოდეს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად. ეს მიდგომა პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






