საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ მშენებლობა დაათვალიერეს.
საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება, თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნოპარკი, სადაც მოსწავლეებში „სტარტაპ“ უნარ-ჩვევების განვითარება ადრეული ასაკიდან მოხდება. განათლებისა და მეცნიერების ქალაქი გააერთიანებს: ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სასადილო სივრცეებს, სპორტულ დარბაზებს, გარე მოედნებს, ზოგადსაგანმანათლებლო, კომაროვისა და ხელოვნების სკოლებს.
14 ათასი კვ.მ თანამედროვე სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ორი შენობისგან შედგება და ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა.
მშენებლობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურ სამშენებლო მასალას გამოიყენებენ.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში განხორციელდება.
მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ პროექტის ფარგლებში ტენდერი გამოცხადდა ასევე სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობაზეც, რომელიც 29 ივლისს დასრულდება.
350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. აღიჭურვება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით. გარდა ამისა მოეწყობა სპორტული მოედანი და გამწვანდება სკოლის ტერიტორია.
მასალის გამოყენების პირობები