სოციალურ ქსელებში აქციის დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც როგორც სახელისუფლებო, ასევე პრორუსული და სიძულვილის ჯგუფების ტროლები და Facebook გვერდები ორგანიზებულად ჩაერთვნენ.
Mdfgeorgia-ს ანგარიში სახელისუფლებო, პრორუსული და სიძულვილის ენის ჯგუფების ტროლების გამოვლენას ახდენს და მათი გზავნილების თანხვედრაზე და განსხვავებულ ტაქტიკებზე ამახვილებს ყურადღებას. მომავალ ანგარიშში (II ნაწილი) მედიის განვითარების ფონდი ამავე ჯგუფების ფეისბუკ გვერდების მონიტორინგის შედეგებს მიმოიხილავს.
ფეისბუკ ტროლებზე სოციალურ ქსელში დაკვრვება 20 ივნისიდან 15 ივლისამდე ხორციელდებოდა და ამ პერიოდში ანტისაოკუპაციო პროტესტთან დაკავშირებული სხვა მოვლენებიც მოიცვა.
ფეისბუკის მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:
• მონიტორინგის პერიოდში სულ 39 ტროლი გამოვლინდა, რომელთაგან 32სახელისუფლებო, ხოლო 7 პრორუსულ და სიძულვილის ჯგუფებს წარმოადგენს.
• 32 სახელისუფლებო ტროლიდან 18 სხვის იდენტობას იპარავს, ხოლო 14 საკუთარ იდენტობას მალავს. ტროლების უმეტესობა რუსული სოციალური ქსელის Vkontacte-სპროფილებს იყენებს, ამასთანავე რუსეთის გარდა, ავთენტური პროფილები ისრაელის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ზიმბაბვეს, ბელორუსის, ეგვიპტის მცხოვრებლებს ეკუთვნით, გარკვეულ შემთხვევებში კი ტროლები მსახიობების და მომღერლების იდენტობით აქვეყნებენ თავიანთ პოსტებს.
• 32-დან 16 ტროლს მოწონებული აქვს ხულოს და ზუგდიდის სხვადასხვა საარჩევნო უბნის ფეისბუკ გვერდები. აღნიშნულ გვერდებზე 2019 წლის 19 მაისს ხულოსა და ზუგდიდის შუალედურ არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაღებული სამოყვარულო ვიდეოკადრებია განთასვებული. რამოდენიმე ვიდეოში გაცხადებულია, რომ ვიდეოს ტვ “იმედის” სტრინგერები იღებდნენ.
• გარდა საარჩევნო გვერდებისა, სახელისუფლებო ტროლები ძირითადად იწონებდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერ პარტიულ, ასევე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ შექმნილ ისეთ ფეისბუკ გვერდებს, როგორიცაა “ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა”, “ამხილე”, “ნაცი კლავას”, “ტერენტი გლდანელი”, “ზუგდიდს ნაცების არ სჯერა” და სხვა.
• ზოგიერთი სახელისუფლებო ტროლი აქციამდეც იყო ჩართული როგორც საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისა და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში.
• გამოიკვეთა ორი ტიპის სახელისუფლებო ტროლები: ერთი ნაწილი ღიად იყო ჩართული ანტისაოკუპაციო პროტესტის წინააღმდეგ კამპანიაში და თავიანთ მოსაზრებებს საკუთარ გვერდებზე გამოხატავდა; მეორე ნაწილი კი უფრო მხარდამჭერი ტროლების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლების, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის ცალკეულ ინიციატივებს ან იწონებენ (ალაიქებენ), ან მათთან დაკავშირებულ სიახლეებზე და პოსტებზე მხარდამჭერ კომენტარებს ტოვებენ.
• როგორც სახელისუფლებო ტროლები, ასევე პრორუსი და სიძულვილის ჯგუფების ანტისაოკუპაციო აქციის პრაიდად და გეი რევოლუციად წარმოჩენას ცდილობდნენ და ლგბტ თემის გარდა მას ნაციონალურ მოძრაობას და ლიბერალურ ჯგუფებს ნეგატიურ კონტექსტში უკავშირებდნენ.
• ორივე ჯგუფის ტროლების შემთხვევაში თანხვედრა იკვეთება რუსეთის მიმართ ომისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების შიშების დათესვის მხრივაც, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ტვ რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა.
• სახელისუფლებო ტროლები მეტ აქცენტს აკეთებდნენ ანტისაოკუპაციო აქციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, რევოლუციად წარმოჩენაზე, ასევე მინისტრ გახარიას მხარდასაჭერ კომენტარებზე, რა დროსაც როგორც ქრისტიანობით მანიპულირება (ვინც ქრისტიანია, დაუჭირეთ მხარი), ასევე ჰომოფობიური კონტექსტის შექმნა (გახარია არ მოსწონთ ლიბერალებს იმის გამო, რომ ის გარყვნილებისგან გვიცავს) ხდებოდა.
• სახელისუფლებო ტროლების სამიზნე რუსთავი 2-ის გარდა, ტვ პირველი და რადიო თავისუფლება იყო.
• 31 სახელისუფლებო ტროლიდან, რომლებიც მედიის განვითარების ფონდმა TBC ბანკის საქმეზე, პანკისში განვითარებულ მოვლენებზე და არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის საწინააღმდეგო კამპანიის პროცესში გამოავლინა, 15 ივლისის მონაცემებით 29 დეაქტივირებულია.
მასალის გამოყენების პირობები






