მოსამართლე ილონა თოდუას შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, მოსამართლე სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა.
"ილონა თოდუა თბილისში მრავალი წელია მუშაობს, 2007 წლიდან. 2007 წლის შემდეგ, მას ბინის ქირის საფასური არ მოუთხოვია. წლების განმავლობაში იგი იყო საბჭოს წევრი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2014 წლის 17 თებერვალს შემოდის მისი განცხადება და ილონა თოდუა ითხოვს, რომ ამინაზღაურეთ აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები. ამის მოთხოვნის საფუძველი ჰქონდა მას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მასზე არ იქნებოდა რეგისტრირებული უძრავი ქონება. ეს არის 17 თებერვლის დოკუმენტი. იმავე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს ლევან მურუსიძე (მაშინ ლევან მურუსიძე იყო მდივანი) და ამბობს რომ ილონა თოდუას გადაეცეს საცხოვრებელი ქირისთვის შესაბამისი ანაზღაურება. ყველაზე საინტერესო დეტალი ამ შემთხვევაში გახლავთ შემდეგი, 2014 წლის 12 თებერვალს გაფორმებულია ჩუქების ხელშეკრულება და ილონა თოდუამ ამ დოკუმენტით ( თქვენ შეგიძლიათ საჯარო რეესტრში ახლავე შეამოწმოთ) ბინა აჩუქა დედამისს. ანუ დედამისს ბინა აჩუქა 12 თებერვალს და ზუსტად 5 დღეში ის იღებს ქირის საფასურს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და ეს ადამიანი დღეს არის ამ 50 კაციან სიაში. ამ საკითხის შესწავლა რა თქმა უნდა არ მომხდარა. არც გამოძიება დაწყებულა, არც არავინ დაინტერესებულა არის თუ არა ეს რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. მე ასევე მივიღე საერთო სასამართლოების დეპარტამენტისაგან ინფორმაცია, რომ იგი იღებდა აი ამ ანაზღაურებას ქირისთვის დაახლოებით 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს რომ დავიანგარიშე დაახლოებით არის 20 ათასი ლარი ჯამში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






