ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე მუხრან მაჭუტაძე მწვრთნელის ამპლუაში კვლავ აქტიურად განაგრძობს სპორტულ საქმიანობას და აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ჩემპიონატებსა და ტურნირებზე, თანაც, მისივე მოგონილი ილეთის წყალობით.
„ჭიდაობა ეს ის სფეროა, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ, სიცოცხლის ის წყაროა, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი და ჩემი მეორე ოჯახია. სპორტში საკუთარ თავს აუცილებლად იპოვი, ჩემს შვილსაც ამ დევიზით ვზრდი და ჩემს მოსწავლეებსაც ამას ვასწავლი, რომ პირველ რიგში, კარგ ადამიანებად, ჯანსაღ ვაჟკაცებად, პიროვნებებად უნდა ჩამოყალიბდნენ, წარმატებები და მარცხი კი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერ სფეროში. მთავარია, ჩვენ ვიყოთ ძლიერები და სირთულეებთან გამკლავება ღირსეულად შევძლოთ. სწორედ ისეთ ბავშვებს ვარჩევ ნაკრებისთვის, რომლებშიც დიდ ძალასა და პოტენციალს ვხედავ, რადგან მწვრთნელობა დიდი პასუხისმგებლობაა და ამ დროს , მხოლოდ იმ ადამიანის სპორტული კარიერა კი არ არის შენზე დამოკიდებული, არამედ, სამომავლოდ, შენი ქვეყნის ღირსება და სახელი“, – აღნიშნა მაჭუტაძემ თავის სპორტულ კარიერაზე საუბრისას.
წარმოშობით აჭარელი მოჭიდავე, სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს თვითონაც პატარაობიდან მისდევდა, შეჯიბრებებში რეგულარულად და აქტიურად მონაწილეობდა და მის პირად არქივში უამრავი ჯილდო და სიგელია, რომლითაც იგი, რა თქმა უნდა, ამაყობს. იმისათვის, რომ სპორტსმენმა შეჯიბრებაზე თავისი ფიზიკური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება მოახდინოს, თავდაუზოგავი შრომაა, ნიბისყოფა, გამძლეობაა საჭირო, რისთვისაც ის არასდროს იშურებდა ძალ–ღონეს და ახალგაზრდებსაც სწორედ ამისკენ მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება მეტი ივარჯიშონ, ჰქონდეთ მიზნები, შემართება, რაც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და სირთულეების მიუხედავად, არასდროს თქვან უარი თავიანთ ოცნებაზე.მუხრანსა და მის მოსწავლეებს ნაყოფიერ წელსა და მაქსიმალური შედეგების მოპოვებას ვუსურვებთ, მათი ნებისმიერი წარმატება ჩვენი ქვეყნის სასახელოდ გადადგმული ნაბიჯია.
ნანა გუგუნავა,
მასალის გამოყენების პირობები