რუსეთის დუმის დეპუტატმა ევგენი პრიმაკოვმა რუსულ-ქართულ ურთიერთობების ისტორიის ვლადიმერ პუტინის პოზიციასთან დაახლოებული ვერსია ფეისბუქზე გამოაქვეყნა და რუსეთის ინტერესებზე ისაუბრა. რუსი დეპუტატი წერს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით ფრთხილად და ნელი ტემპით მოქმედებდა. პრიმაკოვი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებაზეც საუბრობს.
ვრცელი სტატიის დასაწყისში ჟურნალისტი და პოლიტიკოსი საქართველოსთვის რუსეთის "მესიანისტურ როლზე" ამახვილებს ყურადღებას, თუმცა არაფერს ამბის იმ ზიანზე, რაც რუსეთმა ჩვენს ქვეყანას მიაყენა პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური თუ სხვა კუთხით. პუტინის მსგავსად, პრიმაკოვიც საქართველოს ოკუპანტს უწოდებს, რომელმაც არამარტო ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი დაიპყრო, არამედ მეოცე საუკუნის დასაწყისში სოჭიც მიაყოლა. არც ის აღუნიშნავს პრიმაკოვს, რომ ე.წ. ავტონომიური რესპუბლიკების შექმნა რუსეთის მიერ იყო ის ნაღმი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აამოქმედა თავად რუსეთმა.
თუმცა, დუმის დეპუტატი აღიარებს, რომ როგორც 19-ე საუკუნის დასაწყისში, ასევე, 1921 წელსაც რუსეთის ქმედებები დამპყრობლური ხასიათისაც იყო, რასაც ქართველთა აჯანყებები მოჰყვა.
განსაკუთრებულად ხაზს უსვამს პრიმაკოვი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სა და დასავლეთ სამყაროსთან და ბუნებრივია, რუსი დეპუტატი კვლავ ადასტურებს, რომ რუსეთი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს.
განსაკუთრებით საინტერესოა სტატიის ბოლო ნაწილი, რომელიც 2008 წლის შემდგომ პერიოდს ეხება. წერს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ ფრთხილად და ნელი ტემპით მოქმედებდა. იგი რუსეთ- საქართველოს ურთიერთობების მომავალს იმ ჭრილში განიხილავს, თუ როგორი ქვეყანა იქნება საქართველო.
„პრობლემა იმაშია, როგორ სახელმწიფოსთან მოგვიწევს ურთიერთობების დალაგება... აგრესიულ ანტირუსულ წარმონაქმნთან.. თუ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან,“ - წერს დუმის დეპუტატი.
„აგვისტოს ომის შემდეგ, უკვე ათი წელია, ძალიან ფრთხილად და ნელი ტემპით მივიწევთ დეესკალაციისკენ: უკვე მიდის საუბარი სავიზო რეჟიმის შერბილებაზე (გაუქმებაზეც კი). უკვე ვიპოვეთ შეთანხმება სომხეთის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ (აფხაზეთის ტერიტორიაზე გავლით რკინიგზის მაგისტრალი, რომლის გაშვების უფლებაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უნდა მისცეს)“, - აცხადებს პრიმაკოვი.
დეპუტატი წუხს, რომ დღეს თბილისში მიმდინარე მოვლენებმა ეს პროცესი გაართულა, ხოლო გაბუნიას მონოლოგმა საქართველოს ხელისუფლება ცუდ დღეში ჩააყენა - თუ არ დაგმობს ამ ფაქტს, „მოხვდებათ რუსეთისგან“, დაგმობენ და ოპოზიცია მათ ეროვნული ინტერესების ღალატში დასდებს ბრალს.
ევგენი პრიმაკოვი თვლ;ის, რომ ამ ეტაპზე რუსეთმა უნდა გაყინოს ურთიერთობის პროცესი საქართველოსთან. მათ შორის სანქციების დაწესების საკითხიც:
„ჩვენ ახლა დავინახეთ ჯანსაღი რეაქცია. ჩვენ სანქციები უნდა დავაპაუზოთ. კარგი საქციელი უნდა წავახალისოთ, ეს არის მთავარი აზრი... ჩვენ გვჭირდება პაუზა, რათა ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკა - რა შეიძლება იყოს და რაში გვჭირდება საქართველო,“ - წერს იგი და მიიჩნევს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ელიტის პირობებში (იგულისხმება პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიცია) საქართველო რთული პარტნიორია და აქცენტი უნდა გადატანილი იქნას „სულიერ ერთობაზე“ - მართლმადიდებლობაზე, კულტურაზე, სტუმართმოყვარეობაზე, კულინარიაზე, სუფრაზე და აშ.
დასასრულ, რუსი პოლიტიკოსი იმ საკითხებს ასახელებს, რისთვისაც სჭირდება საქართველო რუსეთს და მათში აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც „ტეროტორიული მთლიანობის აღდგენა“, არც „მეგობრობა“ თუ „კეთილმეზობლობა“, არც საქართველოს განვითარება.
„ესენია დერეფანი სომხეთში, რომელიც პრინციპში არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ნაწილი და აქტუალურია ევრაზიული კავშირის პროექტებისათვის, რომლებიც უკავშირდება ჩინეთს. იქნება ბუფერი რუსეთშა და ახლო აღმოსავლეთშ შორის. ასევე შეუძლებელია აკონტროლო კავკასია და უზრუნველყო ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოება, თუ უარს იტყვი კავკასიის ქედის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე ყოფნაზე“, - ასკვნის პრიმაკოვი და მიიჩნევს, რომ თუ ეს მიზნები მიღწეული იქნება, მაშინ „თბილისის, ცხინვალი და სოხუმი“ თავად უნდა გაერკვნენ ურთიერთობის ხარისხში.
პოსტსკრიპტუმში დეპუტატი, რომელმაც თავად ხმა მისცა საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მიესალმა პუტინის გადაწყვეტილებას მათი არდაწესების შესახებ - „ზოგს უწევს ნაჯახის ქნევა და მუქარა, ხოლო ვიღაცას - შეწყალება.“
მასალის გამოყენების პირობები






