პარტია „ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს. ამის შესახებ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა.
დავით ბაქრაძე "ქართულ ოცნებას" განხილვების პროცესის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს.
„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და შესაბამისად, მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი გამარჯვება, ეს არის იმ ახალგაზრდების ძალიან დიდი გამარჯვება, რომლებიც 21 დღეა აპროტესტებენ უსამართლობას. ეს არის იმ 300 ათასი ადამიანის გამარჯვებას, რომელმაც ხელი მოაწერა ოპოზიციის პეტიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე. ჩვენ პარტიული ინტერესის გამო, არანაირი უფლება არ გვაქვს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი საზოგადოების წარმატება. მიუხედავად იმ ცალკეული პრობლემებისა, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ წარმოდგენილ კანონპროექტში, მაგალითად, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით, ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმ რთული მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობს თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად, პარტიების დაფინანსების წესზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, მინდა, განვაცხადო, რომ „ევროპული საქართველო“ უფრთხილდება და აფასებს საზოგადოების დიდ მიღწევას. საპარლამენტო კენჭისყრის დროს წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყოლება 20 მომხრე „ევროპული უმრავლესობის“ წევრი დეპუტატებისგან" - აღნიშნა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






