
საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე I კლასის რიგითი რომან არაქელოვი და სერჟანტი ომარ დარჩიძე დაიღუპნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც გორთან მოხდა.
ავტომანქანა, რომელსაც შს სამინისტროს თანამშრომელი მართავდა, ორ სამხედრო მოსამსახურეს შეეჯახა, რომლებიც ქვეითად, ცხინვალის გზატკეცილზე, წმინდა წყალთან გადაადგილდებოდნენ. შეჯახების შედეგად ორივე სამხედრო პირი ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველთა თქმით, მძღოლი, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა, ავარიის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, შს უწყებაში აცხადებენ, რომ მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.
არაქელოვი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის ივლისიდან, დარჩიძე კი 2005 წლის აპრილიდან ირიცხებიან. ისინი საკონტრაქტო სამსახურს გადიოდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და გარდაცვლილის ოჯახებს უსამძიმრებს.
გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი
მასალის გამოყენების პირობები






