რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომას 20 დღეა ითხოვენ. აქცია ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყო.
პარლამენტთან აღარ გამოჩენილან ლევან ვასაძის დაჯგუფების წევრები, რომლებმაც გუშინ ტერიტორია დაიკავეს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ გუშინ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, სურთ რუსეთი თუ ევროპა.
„გუშინ რეალურად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი წყდებოდა და ეს გადაწყდა რუსთაველის გამზირზე. საკითხი იდგა ასე: ჩვენ ვართ რუსული სახელმწიფო თუ ევროპული. ქართველმა ახალგაზრდებმა, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს ის, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთის გუბერნია. ჩვენთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ის რომ ჩვენ ბოლომდე დავრჩენილიყავით და გაგვემაგრებინა ჩვენი სცენის მიმდებარე ტერიტორია, რაც მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ძალიან ბევრი ფიზიკური შეურაცხყოფა მოვითმინეთ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავები, ფაქტობრივად, არ რეაგირებდნენ ამაზე და ისინი ერთგვარი შუამავლების როლს თამაშობდნენ. ჩვენ პირობა მივეცით ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაზარალდა 20 ივნისის ღამე რომ ჩვენ არ დავტოვებდით პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიას, მანამ სანამ გიორგი გახარია არ გადადგებოდა და ჩვენ ამ პირობას უკვე მეოცე დღეა, ვასრულებთ,“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






