"ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს,
რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია;
რომლებიც ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი;
რომლებიც მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს.
მიგვაჩნია, რომ:
დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;
დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით;
დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას;
მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს:
დღეს, 19 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით.
ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება და ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა;
გელოდებით რუსთაველზე, 19:00-დან"- აცხადებენ ორგანიზატორები.
ლევან ვასაძის მომხრეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აიკავეს. დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს.
მასალის გამოყენების პირობები






