საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება პროვოკაციას შეაფასა:
„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.
ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან.“- წერს მამუკა ბახტაძე ფეისბუკზე.
პრეზიდენტის სახელით განცხადება გამოქვეყნდა მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. გავრცელებულ მიმართვაში გიორგი გაბუნიას მონოლოგი სახელმწიფო ინტერესების დაზიანებად შეფასდა.
„პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას.
პატრიოტიზმი სხვა რამ არის. ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა.
ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ!
საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!“- ნათვამია სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდიანი ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებას ავანტურისტების ქმედებას უწოდებს:
„იმაში, რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ, კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს "შპანა" მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ - ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ - სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!“- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ქმედებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილიც. მან „რუსთავი 2“-ის წამყვანის მონოლოგს შეთქმულების ნაწილი უწოდა და ენმ და ტელეკომპანია დანაშალებრივი ორგანიზაციად მოიხსენია:
„ყოველგვარი "პოლიტკორექტულობის" გარეშე, მინდა ღიად დავაფიქსირო ჩემი პირადი მოსაზრება: არ არსებობს დღეს ქვეყანაში იმაზე უფრო ბინძური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და მათი ტელეარხი რუსთავი 2.
ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ყოველდღე გეგმავს და ახორციელებს საშიშ პროვოკაციებს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ.
დღეს რაც მოვისმინეთ რ2-ის ეთერში არის ჩვენი ქვეყნის და თანამოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი მზაკვრული შეთქმულების ნაწილი, ისევე როგორც ხვალ დაანონსებული ე.წ. "ლგბტ" წარმომადგენლების "პროვოკაციული მარში", რომელიც რეალურად იმართება ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით.“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა თბილისის მერი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მკაცრ რეაგირებაზე ალაპარაკდა:
"ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.
ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა.
ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!"- წერს კახა კალაძე
მასალის გამოყენების პირობები






