როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი და ინტენსივობა, ადამიანის უფლებების აშკარა და მასობრივი დარღვევის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგისა და პრევენციის სისტემის არარსებობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებისა და მენეჯმენტის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ცალსახად აყენებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, მიუხედავად აქციის დაშლის გადაწყვეტილების კანონიერებისა, შემდგომ ეტაპებზე პოლიციის ქმედებებში არაერთი პრობლემური, მძიმე ეპიზოდი გამოიკვეთა. პირველ რიგში, პოლიციამ არ უზრუნველყო აქციის მონაწილეთა სათანადო ფორმით გაფრთხილება აქციის დაშლის დაწყებამდე, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცალსახა დარღვევას წარმოადგენს.
„აქციის დაშლა პოლიციამ ღამის 12 საათისთვის ცრემლსადენი გაზით დაიწყო, რასაც მცირე დროში რეზინის ტყვიების გამოყენება მოყვა, ისე რომ ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული ნაკლები ინტენსივობის და სიმძიმის სპეციალური საშუალებების გამოყენების რესურსი. ასევე, ადეკვატურად არ იყო შეფასებული, ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდგომ, პარლამენტის შენობაში შეღწევის ან/და საპოლიციო დანაყოფებთან შეტაკებების განმეორების საფრთხე, მისი რეალურობა და მყისიერება.
აქციის დაშლის ოპერაცია პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტთა გარკვეული ნაწილი პოლიციის მიმართ აგრესიულ ქმედებებს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა საგნის გამოყენებით მიმართავდა. თუმცა, პოლიცია არ მიჯნავდა მშვიდობიანი და არამშვიდობიანი ქცევის მქონე შეკრების მონაწილეებს და მათ მიმართ განურჩეველ ინტენსიურ საპოლიციო ძალას იყენებდა. აღნიშნულს ყველაზე ნათლად ადასტურებს ათეულობით ჟურნალისტის დაზიანების შემთხვევები. პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, თან ახლდა დემონსტრანტთა მძიმე დაზიანება. ზოგიერთ ეპიზოდში, პოლიცია რეზინის ტყვიებს მცირე დისტანციიდან, თავისა და სახის არეში დამიზნებით იყენებდა, რამაც გაზარდა დაზიანებების სიმძიმე. აქციის დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პოლიციამ არ დაიცვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, თანმიმდევრობა და არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა.
აქციის დაშლას ათეულობით დემონსტრანტის ადმინისტრაციული დაკავება მოყვა. დაკავების საფუძვლები და სასამართლოში პოლიციელთა მიერ განმარტებები სუსტი, შაბლონური, უკიდურესად იდენტური იყო, რაც არაერთ შემთხვევაში დაკავებების თვითნებურობაზე მიუთითებდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ინფორმაცია, დაკავების პროცესში და შემდგომ, პოლიციის მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალის შესახებ. დაკავებულთა ნაწილი მათ მიმართ დაკავების შემდგომ ცემაზე, ღირსების შემლახავ ან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.
20 ივნისის აქციის დაშლა ასევე აჩვენებს იმ ინსტიტუციურ გამოწვევას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია საკმარისი სტრატეგია, ტექნიკები, სისტემები და ადამიანური რესურსი, რომელიც მასობრივი შეკრებების ადამიანის უფლებების სტანდატებით მართვის შესაძლებლობას მისცემს. შეკრების შეწყვეტის შემთხვევაში გონივრული და ეფექტიანი სამოქმედო გეგმის, საფრთხეების სათანადო გაზომვის და პრევენციის, პროცესის ზედმიწევნით მონიტორინგის, გადამოწმებისა და შეთანხმების სისტემები კვლავ მყიფე, გაუმართავი და სუსტია. საკუთარი მოქალაქეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ამ ხარისხის ძალადობაში ჩართვა, ასევე არსებითად აზიანებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას.
20 ივნისი, წინა წლების აქციების (მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის) ძალადობრივი დაშლის მძიმე პოლიტიკური და სოციალური გამოცდილების გაგრძელებაა, რომელიც ინსტიტუციონალური ძალადობის პრაქტიკაზე მიუთითებს და სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას ასუსტებს.
20 ივნისს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და უფრო ფართოდ, პოლიციის მოქმედებებში გამოვლენილი მრავალჯერადი, ხანგრძლივი და მძიმე ხასიათის კანონდარღვევებზე სათანადო რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია:
ჩატარებულ ღონისძიებასა და მის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა;
პროკურატურამ გონივრულ ვადებში აწარმოოს გამოძიება აქციის დაშლის დაგეგმვაზე პასუხიმგებელი პირებისა და ინდივიდუალური პოლიციელების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით. საზოგადოებას თითოეულ საქმესთან დაკავშირებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რეაგირების ფორმების შესახებ;
იქ სადაც დაზარალებულებს ჟურნალისტები წარმოადგენენ, გამოძიების მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ასპექტებზე;
ასევე დროულად უნდა იყოს გამოძიებული 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ და სხვა ტერიტორიებზე მომიტინგეთა ნაწილის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდები, ისევე როგორც პარლამენტში შესვლის შესახებ გაკეთებული კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები და მომიტინგეთა შემდგომი ქმედებები;
დამოუკიდებელი გამოძიების საგანი უნდა გახდეს თვითნებური და უსაფუძვლო დაკავების, ისევე როგორც დაკავებისას და შემდგომ შესაძლო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები;
არსებითია მიმდინარე გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დროულად ეცნობოს. ამასთან, გამოძიების გამჭირვალობისთვის და ნდობისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში დაზარალებული პირებისა და მათი წარმომადგენლების უფლებების მაღალი ხარისხით დაცვა და პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო როლის რეალური განხორციელების ხელშეწყობა;
მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათანადოდ გაანალიზდეს ის სისტემური ხარვეზები, რაც აქციის დაშლის, სპეციალური საშუალებების გამოყენების და დემონსტრანტთა ფართო მასების მართვის მიმართულებით, 20 ივნისის მოვლენებმა გამოკვეთა და მათ ინსტიტუციურ დონეზე უპასუხოს;
ხელისუფლებამ აქციის შედეგად დაზარალებულ პირებს სრულფასოვანი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს სამედიცინო და რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსების კუთხით.“- აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.
იხილეთ ანგარიში სრულად 20 ივნისის მოვლენები: აქციის დაშლა და ადამიანის უფლებების დარღვევის ძირითადი პრაქტიკა
მასალის გამოყენების პირობები






