ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, მოხდეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე შექმნილი, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი).
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარების შესახებ, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ ვითარებაში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში.
მამუკა კაციტაძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე ფართო კონსენსუსის მიღწევაა საჭირო.
"თუ საქმე გვაქვს, ხელისუფლების მხრიდან გულწრფელ სურვილზე, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე შეთანხმდეს პოლიტიკური კლასი - ხელისუფლება, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად, მაშინ ვფიქრობ, სამუშაო ჯგუფში უფრო მეტი უნდა იყოს.
მუშაობაში უფრო მეტი მხარე უნდა ჩაერთოს და ამ შემთხვევაში ალბათ უფრო საინტერესოა რომ კომპეტენტური და კვალიფიციური აზრი მივიზიდოთ მაგიდასთან და არა რაღაც რაოდენობა და ერთ სპექტრზე გათვლილი მოცემულობა. ამიტომ დღეს პარტიებმა მივმართეთ პარლამენტის აწ უკვე ახალ თავმჯდომარეს, ბატონ თალაკვაძეს და შევთავაზეთ მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური პარტიების წრე გაფართოვდეს, რათა უფრო მეტი აზრი იყოს დადებული, უფრო მეტი მსჯელობა გაიმართოს და შთანხმების შმთხვევაში იყოს უფრო მეტი წრე შთანხმებულებისა და არა ერთი ნაწილი და სეგმენტი.
ყოველგვარი ზედმეტი მორიდების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო საკითხები არის ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომელიც პირადად ჩემთვის საკმაოდ კომფიორტულია - მსჯელობა, კამათი, შეთანხმება... მიმაჩნია, რომ თუ გაფართოვდება მაგიდა და იქნება კონსტრუქციული გარემო, ამით მოიგებს ყველა მონაწილე - ხელისუფლება, ოპოზიცია და რაც ყველაზე მთავარია, იხეირებს ქართული სახელმწიფო 20-20-ის არჩევნების წინა პერიოდში უფრო ფართო მნიშვნელოვანი კონსენსუსის მიღწევით.
იგივე საკითხი ალბათ კარგი იქნება შეეხოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის განხილვაც ასევე დაიწყება და იქ უფრო მეტი კონსენსუსის მიღწევის მიზნით უფროფართო ფორმატები არსებობს"- უთხრა "ნიუუპოსტს" მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






