ამნესთი ინთერნეიშენალმა გამოაქვეყნა 1 წლიანი კვლევა საქართველოში რუსეთის გავლენაზე, ოკუპირებულ ტერიტორიასა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების მძიმე პირობებზე.
საერთაშორისო ორგანიზაციამ კვლევის შედეგები სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მედიას გააცნო.
ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომლებიც გადაეგზავნა საქართველოს და ასევე რუსეთის ფედერაციასაც.
ამნესთი ინთერნეიშენალი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და აღკვეთოს ყველა ის ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებს 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე ექმნებათ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონოდ დაკავების რისკის ქვეშააა და ისინი ვეღარ გადაადგილდებიან თავისუფლად, არ აქვთ კავშირი ე.წ საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილ ნათესავებთან, ვერ მიდიან საფლავებზე, მათთვის ხელმისაწვდომი არაა ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა. ,,მოვუწოდებთ რუსეთისა და დეფაქტო ხელისუფლებებს, დაუყოვნებლივ მოხსნან შეუსაბამო შეზღუდვები თავისუფლად გადაადგილებაზე და ეფექტურად გამოიძიონ თვითნებური დაკავებები, ბრალდებები სასტიკი მოპყრობის შესახებ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ ე.წ საზღვრის გადალახვას.''
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის მოკვლევას და ანგარიშს წარადგენს მოსკოვშიც, უფრო მეტიც, დააყენებენ ამ საკითხს ჟენევეის ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც.
ანგარიში ქართულად ხელმისაწვდომია: https://www.amnesty.org/download/Documents/EUR5605812019GEORGIAN.PDF
მასალის გამოყენების პირობები






