საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე არის თსუ ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და მძლავრი სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალით. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შესძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, ანუ განხორციელდა აივ/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია.
თენგიზ ცერცვაძის დამსახურება ქართული ჰეპატოლოგიური სკოლის განვითარებაში, პირველ რიგში ვირუსული ჰეპატიტების, მათ შორის C ჰეპატიტის დარგში უმნიშვნელოვანესია. მისი თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას.
პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ეწევა საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა დარგში.
2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის (ჯანმო-ს ფორმულირებით) მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია, რომლის მსგავსიც არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არცერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას.
თენგიზ ცერცვაძე თსუ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მკვლევარია. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე გამოცემებში. ავტორია დამხმარე სახელმძღვანელოსი და ორი მონოგრაფიისა. არის 20-ზე მეტი ეროვნული სახელმძღვანელო რეკომენდაციების/გაიდლაინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და თანაავტორი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
მასალის გამოყენების პირობები






