პოლიტიკური გაერთიანება ,,კანონი და სამართალი''-ს გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ღლონტის შეფასებით, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ უძლებს კრიტიკას და შეუსაბამობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან.
"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი - ნიკა მელია ციხის გისოსებისგან იხსნა არა კანონმა, არამედ ჩვენი მოსახლეობის სიფხიზლემ, მედიის ოპერატიულმა მუშაობამ და დიპლომატიური კორპუსის დამოკიდებულებამ ქართული დემოკრატიისადმი. კანონს არავითარი შემხებლობა არ ჰქონია ამ პროცესთან, იგი თავიდან ბოლომდე გახლავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული კანონგარეშე გადაწყვეტილება და გამოხატავს გაბრაზებული ოლიგარქის მიზნებს, რომელსაც სხვა შემთხვევაში უპირობოდ აღასრულებდა მურუსიძის სასამართლო.
მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს გირაოს, შეთანხმებას გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ, აგრეთვე ელექტრონულ მონიტორინგს და გარკვეული საქმიანობის განხორციელების აკრძალვასაც, მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ უძლებს კრიტიკას და იგი შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, რომელიც ადგენს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობებს, სწორედ კონსტიტუციით დადგენილია, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პარლამენტის წევრი პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმეული შეხედულებებისთვის და მეტიც, პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით.
თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მოსამართლე არ მიიღებდა კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას, ყველაზე ცოტა, იგი კონსტიტუციის ნორმის განმარტებისთვის აუცილებლად მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და იხელმძღვანელებდა ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, რისი პირდაპირი ვალდებულებაც გათვალისწინებულია ქართული კანონმდებლობის მიხედვით. მხოლოდ ოლიგარქიის პირობებშია შესაძლებელი მოსამართლემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კლანური გადაწყვეტილებით დააყენოს კონსტიტუციაზე მაღლა, პარლამენტის წევრს მაჯაზე დაუმაგროს ელექტრონული თვალთვალის მოწყობილობა, შეუზღუდოს საქმიანობა და აიძულოს იგი, რომ პარლამენტში წასვლამდე მისი ეს გადაწყვეტილება შეათანხმოს პროკურორთან '' - ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






