მანამდე კი მელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო".
მისივე შეფასებით, ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება ან დამარცხება.
ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურდანაშაულზე უნდა აგოს პასუხი.
„უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამაზე უნდა აგონ პასუხი, თუმცა ამას არ აკეთებენ, ვინაიდან რაციონალიზმი აღარ არის მათში. გახარია თავადვე კიდიათ დამოკლეს მახვილივით. სანამ გახარიაა შსმინისტრი, არათუ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება, თავად იმ უწყების დეზორიენტაცია და დემორალიზებახდება, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, სასამართლოში ორი საჩივარია შესული.
„ორი საჩივარია შეტანილი სააპელაციო სასამართლოში. ერთი დაცვის მხარის მიერ, რომლითაც საჩივრდება ის შეზღუდვა, რომელიც მე დამიწესდა. ეს შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის მათ შორის პარლამენტის რეგლამენტთან. მეორეს მხრივ, პროკურატურა ასაჩივრებს იმ აღკვეთის ღონისძიების სახეს, რომელიც მე შემეფარდა და უნდათ კვლავ პატიმრობა. მე ვფიქრობ მთავარი ბრძოლა ხელისუფლებამ უკვე წააგო. ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება ან დამარცხება. პოლიტიკურად ეს ხელისუფლება დამარცხდება, ოღონდ ჩემთან არა, არამედ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც აპროტესტებს ამ უმსგავსოებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე შეფასებით, "მათთვის ხომ მე დაჭრილი მხეცი ვარ,დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია, ასე უყურებენ".
მასალის გამოყენების პირობები






