ედპ-ის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავას მმართველი გუნდის დღევანდელ ღონისძიებას „მასკარადს“ უწოდებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება ცდილობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავის კეთილ ნებად წარმოაჩინოს. ედპ-ის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ ეს არი საპროტესტო აქციებში ჩართული ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების მონაპოვარი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე მუშაობის პროცესს, ქარდავა ამბობს, რომ ედპ, მიუხედავად იმისა, რომ არ არის საპარლამენტო პარტია, აპირებს ჩაერთოს საჯარო განხილვების პროცეში და, მისივე განცხადებით, ოპოზიციამ არ უნდა მისცეს ქართულ ოცნებას საშუალება, ნებისმიერი მიზეზით, უკან წაიღოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა იმ მასკარადში, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ მოაწყო.
ცალსახად აღვნიშნავ, რომ პროპორციული სისტემა არის იმ საპროტესტო ტალღის მონაპოვარი, რომელიც უკვე 12 დღეა მიმდინარეობს დედაქალაქში. ეს არის სწორედ ამ აქციებში ჩართული ქართველი ახალგაზრდების და ზოგადად, მაღალი პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოების.
დღევანდელი პრეზენტაციით, ხელისუფლებამ სცადა, პროპოციული სისტემა წარმოეჩინა თავის კეთილ ნებად და ამ ნაბიჯით ისინი ცდილობენ, საკუთარი შელახული იმიჯი დემოკრატიულობის თვალსაზრისით, რაღაც დოზით გამოასწორონ, თუმცა 20 ივნისის ღამის შემდეგ ძალიან გაუჭირდება მმართველ პარტიას რაიმე პოზიტიური იმიჯის შექმნა, თუნდაც იმ ერთერთი მთავარი საკითხის გარეშე, როგორიც არის 20 ივნისის სისხლიანი ღამის ავტორის - გახარიას გადაყენება.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ არასაპარლამენტო პარტია, თუ მოგვეცემა საშუალება, აქტიურად ჩავერთვებით საჯარო განხილვები პროცესში და პროპორციული სისტემის კონსტიტუციურ ნორმად ქცევის კომისიის მუშაობაში, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და არ მივცემთ ქართულ ოცნებას საშუალებას, ნებისმიერი საბაბით, იქნება ეს ბუნებრივი ბარიერი, უბლოკო სისტემა და ა.შ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება უკან წაიღოს. ჩვენი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არის მომდევნო არჩევნების მეტნაკლებად სამართლიან გარემოში ჩატარება და ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა პროპორციული სისტემა.“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერი "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მისული ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებებსაც გამოეხმაურა. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანი მადლობის განცხადებები ხელიუფლების მისამართით გაუგებარი აღმოჩნდა:
"მეგონა, მადლობებს მარტო ღარიბაშვილი იხდიდა. ისე, ქოცურ პრეზენტაციაზე მისულ ზოგიერთ ე.წ. ოპოზიციონერს მინდა შევახსენო, რომ მადლობას ქუჩაში გამოსული ახალგაზრდობა იმსახურებს და არა ქოცები! ვის უხდით მადლობას, თვალების დათხრის ფონზე რომ გესაუბრებიან, იმათ?! ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი ძალიან ცუდად გამოიყურებოდით ბატონებო, ძალიან ცუდად!"- აცხადებს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






