მოსამართლე თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ნიკა მელიას საცხოვრებელი სახლის დატოვება ეკრძალება, რაც, ადვოკატს განცხადებით, პოლიტიკოსს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს შეუშლის. ასევე მოსამართლემ მელიას აუკრძალა სავარაუდო მომავალ მოწმეებთან კომუნიკაცია. კონდახიშვილის თქმით, ბუნდოვანია ის შეზღუდვა, რომ ნიკა მელიას მომავალ მოწმეებთან კომუნიკაციას უკრძალავს.
ნიკანორ მელიას, საქართველოს პარლამენტის წევრს ეზღუდება საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი საბაბით და ამისთვის, მას სჭირდება პროკურატურის წინასწარი ინფორმირება და ნებართვის აღება, პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 39-ე მუხლთან. იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა სრულფასოვნად და შეუფერხებლად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, როგორიცაა პარლამენტში მისვლა, სესიაზე და კომიტეტებზე დასწრება, კენჭისყრაში მონაწილეობა. მეორე საკითხია, რომ ჩვენს მიერ საჩივრდება ნიკანორ მელიასთვის იმ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვა, რომელთაც შესაძლოა, სამომავლოდ მიენიჭოს მოწმის სტატუსი. ეს ძალიან ბუნდოვანი განმარტებაა. შეიძლება, ათი ათასამდე ადამიანი გახდეს ხვალ და ზეგ გამოძიებისთვის ან დაცვის მხარისთვის საინტერესო ინფორმაციის მომწოდებელი და სამომავლოდ შეიძლება ამ ჩამონათვალში განუზომელ პირთა წრე მოხვდეს.“- განაცხადა კონდახაშვილმა.
შეგახსენებთ, 20 ივნისის ღამის აქციასთან დაკავშირებით, პროკურატურამ ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით ბრალი წაუყენა. პროკურატურამ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით ჯერ პარლამენტს მიმართა, თანხმობის მიღების შემდეგ კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შეუამდგომლობით. სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მელიას 30 ათასიანი გირაო დააკისრა და გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, ნიკა მელიას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
მასალის გამოყენების პირობები






