ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, დღეს არის ოქროს შანსი, რომ სასამართლო დადგეს პოლიტიკურ ინსინუაციებზე მაღლა და მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო ნიკა მელიას პატიმრობას შეუფარდებს, გამოვა, რომ ის მწვანე შუქს უნთებს თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების და პოლიტიკოსების დაპატიმრებას.
„წარმოუდგენელია, რომ მოსამართლემ, რომელიც არის ამ ქვეყნის მოქალაქე, არ გაიგონოს საზოგადოების ხმა, რომელიც ისმის ამ ქვეყანაში. დღეს არის აბსოლუტურად სხვა ვითარება, დღეს არის ვითარება, როდესაც სასამართლო ან მწვანე შუქს უნთებს დაპატიმრებებს და ეუბნება ახალგაზრდებს და პოლიტიკოსებს, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა ისჯება დაპატიმრებით, ან სასამართლოს ეს პროცესი გამოაქვს სამართლებრივ ჩარჩოში. ეს არის ოქროს შანსი მთლიანად სასამართლო სისტემისთვის, აჩვენოს, რომ ასეთ პრინციპულ საქმეში მოსამართლე დადგა პოლიტიკურ ინსინუაციებზე მაღლა და მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება და უარი თქვა პოლიტიკური დევნის გამოყენებით ნიკა მელიას დაპატიმრებაზე,“ - განაცხადა ადვოკატმა.
ნიკა მელიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 დღის ვადაში გადახდით, 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. გარდა ამისა გიორგი კონდახაშვილმა დააყენა შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც, მათ შორის დეპუტატების თავმდებობასა და აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზე.
მასალის გამოყენების პირობები






