პალიკო კუბლაშვილი აღიარებს, რომ „გავრილოვის ღამეს“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.
„ჩვენ ყველანი ერთად ვაკვირდებოდით იმ პროცესს, რაც მიდიოდა პარლამენტის შესასვლელთან, ყველა პოლიტიკოსი, არა მხოლოდ ჩემზე მაქვს საუბარი, პოლიტიკოსები, ვინც იყვნენ იქ, ყველანი ცდილობდნენ, რომ სიტუაცია განემუხტათ. ამ, განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება იყო მოლაპარაკება. ამის საშუალება ექნებოდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო, ორივე მხარესთან ჰქონოდა კომუნიკაცია. მე ამ შემთხვევაში შევთავაზე აკაკი ბობოხიძეს, რომ გავსულიყავი კონტაქტზე, შემეთანხმებინა შეხვედრის საკითხი, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ გახარია დათანხმდა ამ ტიპის შეხვედრას. ამის შემდეგ ბობოხიძესთან ერთად ვცდილობდი, რომ აქეთა მხრიდანაც თანხმობა ყოფილიყო. მე ნიკა მელიასთან არ მქონია საუბარი, ბობოხიძესთან მქონდა საუბარი. დროის გამო თუ იმის გამო, რომ ვერ მოვასწარით, შეიძლება მე დავაგვიანე კონტაქტზე გასვლა. ეს შეხვედრა არ შედგა და მოხდა ის, რაც მოხდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ის ღამე სხვანაირად დამთავრებულიყო,“ - ამბობს კუბლაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ მისი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ მოსალაპარაკებლად პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია.
„როდესაც ჩვენ დავიწყეთ ხალხისთვის ახსნა, რომ იცით, რა ახლა პატარა ნაბიჯი იდგმება ერთმანეთისკენ, საჭიროა ბოლომდე დავმშვიდდეთ, სრულიად მოულოდნელად დაიწყო ტყვიებისა და ცრემლსადენი ხელყუმბარების სროლა.“ - აღნიშნა ბობოხიძემ.
ნიკა მელიას თქმით, პალიკო კუბლაშვილს სთხოვეს, რომ გაარკვია, თანახმა არიან თუ არა ოპოზიციის წევრები ჩვენთან შეხვედრაზე.
"რომელი ახლა სამოქალაქო პატრიარქი ბატონი პალიკოა, მან კი არ იტვირთა, მას სთხოვეს, რომ დაურეკე, შენ ხომ იცნობ მათ, თანახმა იქნებიან თუ არა ჩვენთან შესახვედრად. რა შეხვედრა, ატყდა, მაგრამ რა ატყდა,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






