დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სახალხო პრიტესტს სიყრუით პასუხობს. ამის შესახებ ჩხეიძემ პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა:
„ბ-ნ მდინარაძეს მივმართავ რეგლამენტის ეთიკის წესებისან გამომდინარე, საკუთარი შეხედულებების გამყარებას უცენზურო ფრაზებით ნუღარ შეეცდება პარლამენტში.
მძიმე დღეები გვიდგას ქვეყანაში. ხელისუფლებას არ ესმის თავის ერის! მთავრობას არ ესმის თავის ხალხის! „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ამომრჩევლის! ქვეყანის ეროვნული ღირსების დაცვისათვის საზოგადოების მრისხანებას მთავრობამ უპასუხა არაადამიანური დარბევით, ძალადობით, თვალების დათხრით, უსამართლო სასამართლოთი!
ძალადობისა და უსამართლობის მიმართ საზოგადოების აღშფოთებასა და პროტესტს ხელუსუფლებამ უპასუხა სიყრუით.
„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მმართველმა პირადი ინტერესების გადარჩენისათვის კიდეც ერთხელ თავზე გადაგვაფხრიწა ქვეყნის კონსტიტუცია და საზოგადოებაზე ზრუნვის ნიღაბქვეშ საარჩევნო ის ფორმულა გამოგვიცხადა, რაც ქვეყანაში არავის მოსვლია თავში, გარდა იმ ერთი კაცისა.
ერთი კერძო კაცის კერძო ინტერესი ჩვენს პარლამენტში კიდევ ერთხელ გახდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დასაცავი და მხარდადაჭერი. ერთი კერძო კაცის კერძო ინტერესის გამო კიდევ ერთხელ მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაუმართლებლის გამართლება და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის ძალადობრივი და უკანონო ქმედების გათეთრება და სასწრაფოდ შეთხზული, „პროპორციული ძალის გამოყენების“ მტკიცებას, მხოლოდ ცალკეული პოლიციელის მიერ გადაცდომით.
აქციებზე ქვეყნის ღირსების დამცველი ახალგაზრდობა ციხეშია! ეროვნული და დემოკრატიული ფასეულებების დამცველი ხალხი ქუჩაშია! ამ ხალხის ღირსეული მომავლის შემქმნელი დეპუტაცია აქ ვართ, პარლამენტში!
ციხესა და ქუჩაში მყოფი ადამიანების მიერ არჩეული დეპუტატები ვართ აქ და მოვალენი ვართ, ვუსმინოთ და ვემსახუროთ ამ ხალხს!
ქვეყნის კონსტიტუცია და დეპუტატის ფიცი გვავალდებულებს, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ვუსმინოთ და ვიგრძნოთ და შევასრულოთ ხალხის მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო ხალხისაა, სახელმწიფო არის ხალხი!
დამნაშავე მმართველმა ძალამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შექმნილ ტრაგიკულ დღეებზე! უნდა განთავისუფლდნენ დაკავებული ახალგაზრდები! უნდა გადადგეს მინისტრი გახარია! უნდა დავიცვათ ქვეყნის კონსტიტუცია და უნდა ვიყოთ ჩვენივე ფიცის ერთგულნი, ძვირფასო კოლეგებო, „ქართული ოცნების“ დეპუტატებო!“
მასალის გამოყენების პირობები






