საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ცნობილი რუსი ჟურნალისტი და საზოგადოებრივი მოღვაწე მატვეი განაპოლკი გამოეხმაურა.
"როგორც ჩანს ყველა ერს ეძლევა შესაძლებლობა ჩაატაროს ერთგვარი თვითშემოწმება, როდესაც ცხოვრება სვამს კითხვას - ეი, ბიჭებო, რად გრძნობთ თავს, დამოუკიდებელ, ღირსეულ ერად, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის დამატებად.
საქართველო უკრაინა არაა, თითქოს ეს მისთვის იოლია. მას რთული, რუსულისგან განსხვავებული ქართული ენა აქვს, საკუთარი ღრმა კულტურა, რომელსაც რუსულთან საერთო არ გააჩნია, თუ საბჭოთა დროინდელ ფილმებს არ ჩავთვლით, რომელიც რუსულ აუდიტორიაზეც იყო გათვლილი. მითუმეტეს არსებობს "კეთილი რუსეთი", რომელმაც 2008 წელს ქართველები დახოცა და ქვეყნის ტერიტორიის 20% წაართვა, რითაც ერთგვარი აცრა ჩაუტარა "მეზობელთან მეგობრობაზე".
მაგრამ აქვს მინუსებიც. ქვეყანას ფლობს პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი, ქალბატონი პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ხშირად წარმოსთქვამს ფრაზებს "ურთიერთობის დარეგულირების" შესახებ. არსებობს ტურისტებზე მოთხოვნილებაც, რომლებიც ჩამოდიან, სვამენ ღვინოს, ჭამენ ხინკალს და არც კი ფიქრობენ, რომ მათი ქვეყანა დამნაშავეა. თავად ქართველებიც თვლიან, რომ ტურისტებს პუტინთან და აგრესიასთან კავშირი არ აქვთ, ხვდებიან მათ ტრადიციული მიმართვით: "Здравствуй, дорогой! Заходи, гостем будешь!". თითქოს დროა, დაივიწყო წარსული, "მიაფურთხო და ფეხი გაუსვა", როგორც ზოშჩენკო ამბობდა, მაგრამ გაირკვა, რომ ქართველების ღირსება ბოლომდე არ არის გათელილი," - წერს განაპოლსკი.
იგი რუს დეპუტატ გავრილოვს, ე.წ. "მართმადიდებელ კომუნისტს", "ტრადიციულ დუმელ ხამს და არამზადას" უწოდებს, ხოლო მის მომწვევს - იდიოტებს.
"აღმოჩნდა, რომ ამ სირცხვილის ორგანიზება თავად საქართველოს ხელისუფლებამ და პარლამენტის ხელმძღვანელობამ მოახდინა, ან პირიქით, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას.
რაც მოხდა შემდეგ, კარგად არის ცნობილი. არეულობა პარლამენტთან, სპეცრაზმი, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, მომიტინგეთა შეჭრის მცდელობა პარლამენტში. ამას შეეწირა პარლამენტის თავმჯდომარე, რა ბედი ელის მთავრობას - დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა," - წერს იგი.
"როგორც ჩანს, ქართველები მზად არიან "რუსსო-ტურისტოს" თეფშზე მხოლოდ ხინკალი დაუდონ, პატივი და ღირსება - არა! მზად არ არიან საკუთარი ქვეყანა აღიქვან როგორც რუსეის კოლონია," - წერს განაპოლსკი და დასძენს:
"ქართველებს ახსოვთ რას წარმოადგენს რუსეთი და ეს ისტორია არა მხოლოდ საქართველოზეა, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელსაც პუტინი საკუთარ ახალ "საბჭოეთად" აღიქვამს.
ნებისმიერ ქვეყანას უდგება მომენტი, როდესაც უნდა გამოხვიდე და დაიცვა დამოუკიდებლობა. არ ვიცი რა ხდება მოლდოვასა და უკრაინაში, მაგრამ საქართველოში, როგორც გაირკვა, ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოვლენ და დაიცავენ.
ანუ - ხინკალი ცალკეა, დამოუკიდბელი საქართველო ცალკე".
მასალის გამოყენების პირობები






