როგორც სამადაშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, შესაბამისი სტრუქტურები ქვეყნის რეაკლამირებას ძირითადად რუსეთში ატარებენ. ოპოზიციობერის თქმით, ხელსიუფლება ევროპის მიმართულებაზე თითქმის არ მუშაობს:
"დღითიდღე იზრდება საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე. მათ შორის გამონაკლისი არ არის ტურიზმის სფერო. ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება, რაც მათ შორის იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება ახორციელებს.
თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ბიუჯეტი, რა თანხებს ხარჯავენ შესაბამისი უწყებები ჩვენი ქვეყნის რეკლამაზე, მათი უდიდესი ნაწილი რუსეთში იხარჯება. ხელისუფლებისთვის რუსეთი პრიორიტეტული ბაზარია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ, მეტი იაფი რეისის დანიშვნას ევროპის დედაქალაქებისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, პრიორიტეტი არის რუსეთი.
ეს ყველაფერი კი ჩვენი მოქალაქეების, ვინც ტურიზმის სფეროშია დასაქმებული რუს ტურისტებზე დამოკიდებულს ხდის. ჩვენ ვნახეთ, რომ ბათუმში სასტუმროს მფლობელმა რუსული დროშაც კი აღმართა დაწესებულების თავზე და გამოაცხადა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ რუსი ტურისტების დიდი ჯგუფი იყო.
ეს არის არაპირდაპირი, რბილი ძალის გამოყენება რუსეთის მხრიოდან იმისთვის რომ განიმტკიცოს, დაიბრუნოს თავისი გავლენის სფეროები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამაზე საუბრობს ბატონი კარპენტერი. ევროპის ქვეყნებშიც შეიძლება ჩადიან რუსი ტურისტები, მაგრამ როცა შენ მთლიანად ამ ბაზარზე ხდები დამოკიდებული სახიფათოა. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერა ოკუპირებული"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენელი "ნიუპოსტთან" რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტსაც ეხმაურება.
"გავრილოვისთვის რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მიეცათ, ეს იქნებოდა ხმამაღალი განცხადება, ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამის ნაცვლად "ოცნების" ხელისუფლებამ წითელი ხალიჩით მიიღო ადამიანი, რომელიც პირდაპირ ხელყოფს და იბრძვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ"- დასძინა მან.
საგარეო პოლიტიკის ყოფილმა მრჩეველმა და მთავარმა მკვლევარმა ევრაზიის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში, მაიკლ კარპენტერმა შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა ,,TWITTER’’-ის საკუთარ გვერდზე:
,,3 დღე გავატარე საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული, საქართველოს მთავრობა აცნობიერებდეს შედეგებს ღია კარის პოლიტიკის წარმოებით რუსეთთან მიმართებით. ძალიან ბევრი ტურისტით FSB-დან და უამრავი რუსი ბიზნესმენის მიერ ქართული მიწების შესყიდვით, ერთ დღეს ქართველებმა შესაძლოა, გაიღვიძონ ისეთ რეალობაში, სადაც 20 %-ის ნაცვლად ოკუპირებული იქნება 100 % სახელმწიფო ტერიტორიის .''
მასალის გამოყენების პირობები






