კარპენტერი არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა აცნობიერებდეს შედეგებს ღია კარის პოლიტიკის წარმოებით რუსეთთან მიმართებით.
კანდელაკი "ქართული ოცნების" მიერ რუსეთთან "ღია კარის პოლიტიკას" ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებს.
დეპუტატი, სერგეი გავრილოვისა და რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს მკვეთრად უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ "ოცნების" ხელისუფლების მსგავსმა ნაბიჯებმა და რუსეთთან ურთიერთობის მსგავსმა ფორმებმა საქართველოს საკითხი საერთაშორისო საპარეზზე დღის წესრიგიდან მოხსნა.
"ძალიან კარგი ფორმულირება აქვს ბატონ მაიკლ კარპენტერს, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტია აშშ-ში, რომელიც რუსეთის საკითხზე მუშაობს. "ღია კარის პოლიტიკა რუსეთის მიმართ" - ამ დონის ყოფილი მაღალჩინოსნები სიტყვებს ჰაერში არ ისვრიან. მისი ეს განცხადება დღეს სიმბოლურია, როგორც ვიცი, ბატონი გავრილოვი შემოუშვეს საქართველოში. ეს კარგი მაგალითია ღია კარის პოლიტიკის. რუსი დეპუტატის შემოშვება თავისთავად განაცხადია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობისთვის მისაღებია ამ ადამიანის ბიოგრაფია. მისაღებია ის, რომ ეს ადამიანი ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ ომში მონაწილეობდა, როცა ათასობით ადამიანი დაიღუპა აფხაზეთში, იბომბებოდა სოხუმი და ათასი უბედურება დატრიალდა.
ჩვენ არც გვისაუბრია ოკუპაციის კანონზე. ჩვენ არ გვაქვს ცნობა, რომ ბატონ გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა შემოუშვას ან არ შემოუშვას ესა თუ ის პირი ქვეყანაში. ბატონი გავრილოვის ბიოგრაფია ცნობილია, ისევე როგორ ხდება ეროზია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პუტინისტურ ჯგუფებთან თანამშრომლობს, მათ შორის არჩევნების დროს.
"ასე მოხდა არჩევნებზე, ეს არის ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე წრე. ბოლო წლების განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაუკავებიათ, უკრაინაში პრემიერ-მინისტრი არც ერთხელ ჩასულა. დასავლეთში უმაღლესი რანგის შეხვედრებზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანოთ?! ფაქტია, რომ ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯებით ზარალდება. ეს შედეგი არის სავალალო და საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს"- აღნიშნა კანდელაკმა.
ცნობისთვის, პენტაგონის საგარეო პოლიტიკის ყოფილი მრჩევლი თავის განცხადებაშიხაზს უსვამს ფაქტს, რომ: "ძალიან ბევრი ტურისტით FSB-დან და უამრავი რუსი ბიზნესმენის მიერ ქართული მიწების შესყიდვით, ერთ დღეს ქართველებმა შესაძლოა, გაიღვიძონ ისეთ რეალობაში, სადაც 20 %-ის ნაცვლად ოკუპირებული იქნება 100 % სახელმწიფო ტერიტორიის .''
მასალის გამოყენების პირობები






