არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ლაინერის ბორტზე ოლიგარქი ვლადიმერ პლაჰოტნიუკიც იმყოფებოდა.
ოლიგარქის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
"ნიუპოსტი" მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე თავდაცვის ყოფილ მინისტ დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.
ყოფილი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაწყებული ტენდენცია, რომელიც ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლებას გულისხმობს კვლავ გაგრძელდება.
შაშკინი ოპოზიციის კონსოლიდირებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, სწორედ ამ საერთო ნების გამოხატვის შემდეგ ცივილიზებულმა სამყარომ ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციას.
"ის რაც ახლა, ამ წუთებში მოლდოვაში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო მოლდოვისთვის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.
მოლდოვაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები, დარწმუნებული ვარ, ზეგავლენას მოახდენს სხვა ქვეყნებზეც. მაგალითად საქართველოზე.
მინდა ძალიან მოკლედ აგიხსნათ ის პროცესები, რაც მოლდოვაში ვითარდება - ეს არის ყველაზე ღარიბი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა ოლიგარქმა, ვლადიმერ პლაჰოტნიუკმა ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება და მისი არაფორმალური მმართველობა გადაწყვიტა. შექმნა პარტია, თვითონ კენჭს არ იყრიდა, თუმცა გაიყვანა თავისი პარტია პარლამენტში. ამ ადამიანმა ფულით, ჩაიგდო ქვეყანა სადავეებში, რის შემდეგაც მთლიანად შეცვალა ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები დაიმორჩილა ისინი. მთლიანად შეცვალა საკონსტიტუციო სასამართლო და დაიწყო ქვეყნის ძარცვა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. წელს კი ოპოზიციამ მოახერხა გაერთიანება, მიუხედავად მათი განსხვავებული მხედველობისა. ისინი გაერთიანდნენ იმისთვის, რომ გადაერჩინათ მოლდოვა.
მე რაც მოვყევი, რამეს ხომ არ გაგონებთ? მე არ ვსაუბრობდი საქართველოზე, აღვწერდი იმ ვითარებას, რაც იყო მოლდოვაში" - აცხადებს შაშკინი და დასძენს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მოახერხეს და დაამარცხეს ოლიგარქია ამ ქვეყანაში. მისივეთ თქმით, დასავლეთმა ღიად დაუჭირა მხარი კონსოლიდირებულ ოპოზიციას.
"ბუნებრივია, ვლადიმერ პლაჰოტნიუკი შეეცადა დაშინებით, სექსუალური ხასიათის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, ძალადობით, მოქრთამვით შეეცადა დარჩენილიყო ხელისუფლებაში, რაც ვერ მოახერხა. აქ ორი ფაქტორი იყო. პირველი - გაერთიანებული ოპოზიცია და მეორე - დასავლეთმა დაინახა, რომ რეალურად არსებობს სურვილი, რომ შეიცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი. დასავლეთმა ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციას. კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ და ხალხმა მიიღო ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთოდ დასავლეთის მხარდაჭერა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქს ძალიან ბევრი ფული ჰქონდა, სრულად აკონტროლებდა ძალოვანებს, ოლიგარქი ქვეყნიდან გაიქცა. შეუძლებელია ხალხის ნებას, რომელიც დასავლეთის პოზიციით არის გამაგრებული, ფულით და ადმინისტრაციული რესურსით აღუდგე წინ. ერთ დღეში ჩამოიშალა ძალადობასა და ფულზე აგებული რეჟიმი. მოლდოვამ აჩვენა მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლა. შესაძლებელია გაერთიანება და ქვეყნის გადარჩენა. ის რეჟიმები, რომლებიც ნელ-ნელა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩამოყალიბდა, მაგალითად უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, შესაძლებელია ამის შეცვლა.
მოლდოვა არის მეორე ქვეყანა, ვინც ოლიგარქი მოიშორა. პირველმა ეს უკრაინამ გააკეთა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტალღის გაჩერება შეუძლებელია. ხალხი სხვადასხვა გზებით იშორებს რეჟიმს"- განაცხადა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






