რეგლამენტში არსებული მოქმედი ჩანაწერით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კოორდინაციისათვის იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე.
„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღემდე არ მოხდარა აღნიშნული საბჭოს შექმნა. შესაბამისად, პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებას და გამომდინარე აქედან, საბიუჯეტო ოფისი ვერ ასრულებს სრულყოფილად მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ინიცირებული რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს პარალმენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესებას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას. აღნიშნული ცვლილებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარისა, უნდა იყოს უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების მიერ არჩეული პირი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღება უზრუნველყოფს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასა და ფუნქციონირებას, რაც გამოიწვევს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის კოორდინირებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. ასევე, ცვლილების შედეგად გაიზრდება საბიუჯეტო საქმიანობაში საპარლამენტო უმცირესობის როლი“ - აცხადებენ ფრაქციაში.
მასალის გამოყენების პირობები






