17 წლის მოზარდის მშობლები სკანდალურ განცხადებას აკეთებენ. საუბარია არასრულწლოვანზე, რომელსაც გამოძიება კრიმინალური პოლიციის მანქანის გატაცებას ედავება.
როგორც "ნიუპოსტს" დაკავებულის მეურვემ განუცხადა, პოლიციელები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აპელირებდნენ, რომ მოზარდი დანაშაულის ჩადენის დროს უგონოდ მთვრალი იყო, რაც ექსპერტიზის პასუხებმა არ დაადასტურა.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ის ფხიზელი იყო.
"გუშინ ვესაუბრე ადვოკატს და მითხრა, რომ ექსპერტიზამ სიმთვრალე გამორიცხა და უჩვენა ნული. სამართალდამცავები კი ირწმუნებოდნენ, რომ ბავშვი ძალიან მთვრალი იყო. როგორც გითხარით, საპირისპირო დაამტკიცა ექსერტიზის პასუხმა, რომელიც ჩვენს ადვოკატს აქვს", - აცხადებს ბრალდებულის მეურვე.
მისი თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
"ძალიან ბევრი ვერსიაა. ჩვენ თვითონაც არ ვიცით, რა მოხდა... მეკითხებიან, ვინმე მაღალჩინოსანს ხომ არ აფარებენ ხელსო, მე კი არ ვიცი, რა ვუპასუხო, არაფერია გამორიცხული, შესაძლებელია ყველაფერი"- თქვა 17 წლის მოზარდის მეურვემ.
მისი თქმით, ბრალდებული მისი სახლიდან აიყვანეს.
"სიმთვრალე არ შემიმჩნევია, საჭმელი მთხოვა, ვაჭამე და დაწვა. აღელვება არ შემიმჩნევია. დაკავებისას ვკითხე, რა მოხდა, რა უნდათ შენგან-თქო და ბავშვმა მიპასუხა, არაფერი ვიციო"- თქვა დაკავებულის ახლობელმა.
მოზარდის დედა კი ამბობს, რომ პოლიციელებმა მის შვილზე შური იძიეს, რადგან მას არაერთხელ, ციხეში ჩასმით დამუქრებიან.
„მე ვიცი, უფრო რომ გადამტერებულები არიან ძალიან, მით უმეტეს ეს პოლიცია და ეუბნებიან, რომ შენ დაბადების დღეზე არ ჩაგაქრობინებ სანთელსო და ახლა ალბათ, პირობითიც რომ აქვს, ჯიბრში უდგანან. დამუქრებულებიც არიან, კარგად ვიცი ყველაფერი მე... ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, იმიტომ რომ ექსპერტიზა ჩატარებულია... ექპსერტიზამ აღმოაჩინა, რომ არ არის ნასვამ. არ ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში" - ამბობს მოზარდის დედა.
ხმაურიან ინცინდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"10 ივნისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩაქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით, 02:09 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ გატაცებულ ავტომანქანას 2001 წელს დაბადებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კ.წ. მართავდა. მასთან ერთად ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
ის, რომ ამჟამად დაკავებული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, გამოძიების მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ. მათ შორის ისინი, ვის ავტომანქანასაც კ.წ. შეეჯახა და ამის შემდეგ არასრულწლოვანს გატაცებული მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ.
კ.წ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და მისი დაკავება მომხდარიდან 12 საათის გასვლის შემდეგ განხორციელდა.
ბრალდებულმა უარი განაცხადა ყველა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე და შესაბამისად, არ არსებობს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გახმაურებული იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც არასრულწლოვნის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა უნდა დაედგინა. კ.წ.-ს ჩაუტარდა მხოლოდ ალკოტესტი, რომელმაც გარკვეული დროის გასვლის გამო, ალკოჰოლური თრობა ვეღარ დააფიქსირა"- აცხადებენ შს სამინისტროიში.
მასალის გამოყენების პირობები






