ძველ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულების და ფორს მაჟორულ ვითარებაში გაფორმებული ახალი შეთანხმების შედეგად, თბილისის მერია იძულებულია, რომ საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფისთვის დამატებით მილიონ 254 ათასი ლარი დახარჯოს. კომპანიაში, რომელმაც სკოლამდელი დაწესებულებები და ასევე საზაფხულო ბაღები საკვებით უნდა მოამარაგოს, ამბობენ, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა, რომელიც ერთი ბავშვის გამოკვებაზეა გათვლილი, საკმარისი არ არის და დადგენილი ზღვარი უნდა გაიზარდოს.
საკრებულოს ოპოზიცია კი დამატებითი შტატის შექმნაზე საუბრობს, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი არასწორ და ბიუჯეტისთვის დამაზიანებელ გათვლებზე საუბრობს და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია. ასევე, დედაქალაქის მერიისვე, ანუ ამ შემთხვევაში, ბაღების მიერვე შექმნილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანია, რომელსაც ერთი მილიონი ლარით მეტს ვუხდით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ბაღში, ამ შემთხვევაში, რომელი აქტებიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად, 4 ივნისს ვერ მიაწოდა ვაშლი, ვერ მიაწოდა კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მილიონი ლარით მეტს გადაიხდის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ „ნილს“ გაუწყვიტეს ხელშეკრულება, 60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ ვითხოვთ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






