პირველი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
მისი თქმით, პროგრამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტების სახით მიეწოდება. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება.
„პირველი აგვისტოდან ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის) და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე. სამართლებრივი აქტი გამოცემულია, საკრებულოს მიერ ტარიფები უკვე დამტკიცებულია. ახლა ყველაზე მთავარი მოსახლეობის ინფორმირებაა. ამიტომ, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო, რომ აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეწოდოს ადგილობრივ მცხოვრებლებს. ამისთვის ჩვენ სპეციალურ ჯიხურებს განვათავსებთ, სადაც ყველას შეეძლება მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, სპეციალურ ბუკლეტებს დავბეჭდავთ და აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს დავურიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს, ასევე, ელექტრომობილების მფლობელებს, შშმ პირებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გარკვეული შეღავათები ექნებათ.
„ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც კოტე აფხაზის ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს, პარკირება უფასო იქნება. უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვისაც, ხოლო შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც პარკირება უფასო იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






