სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში საუბარია რუსულ აგრესიასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხრივ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ხაზგასმულია აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა.
„აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი საქართველო უკეთ აღუდგება წინ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და დაიცავს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მზად ვართ, გავაუმჯობესოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რომ საქართველოს ჰყავდეს ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც შეძლებს ტერიტორიების დაცვას, აგრესიის შეკავებას და გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერას. საქართველოს აქვს თავისუფლება, თავად აირჩიოს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორები.“- ნათქვამია დეკლარაციაში, ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ აშშ და საქართველო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩებიან და 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას უჭერენ მხარს, მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანას 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე.
დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიაპლურალიზმისა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონი საქართველოში ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუშაობას გეგმავს:
„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს განვითარების უზრუნველსაყოფად და მავნე უცხოური ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ, რათა შეიქმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი თამაშის წესები და ხელშეწყობილი იყოს დემოკრატიული არჩევნები, განმტკიცდეს მედია პლურალიზმი, კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლისა და ბალანსის სისტემა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებში და გავუზიაროთ საქართველოს საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკა”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






