საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ბევრი მიღწევა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების პირდაპირი შედეგია. ბახტაძის თქმით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საქართველო-აშშ-ის კავშირებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. პრემიერმა მაიკ პომპეოს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო მდივანო, მადლობას გიხდით თბილი მიღებისთვის და საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის. სასიამოვნოა ვაშინგტონში დაბრუნება, განსაკუთრებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა და მოახდინა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და აშშ-მა შექმნეს პლატფორმა საქართველოს აღსადგენად, ინსტიტუტების გაძლიერებით, დემოკრატიის განვითარებით, კანონის უზენაესობის განმტკიცებით, სამხედრო თანამშრომლობისა და ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტების გაფართოებით. საქართველოს ბევრი მიღწევა არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების პირდაპირი შედეგი, რომლის დაწყებიდანაც ათი წლისთავს აღვნიშნავთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ აშშ-სთან განვავითარეთ დინამიკური, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ჩვენმა კავშირებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






