თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ჩვენ ეს პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც სახეზეა, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ვფიქრობ, არავისთვის სასიამოვნო არ არის და არავის მოსწონს ის, თუ რა ხდება დღეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით, შესაბამისად, ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად და ის მიდგომები და დამოკიდებულებები, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ეს ნამდვილად არ გამოვა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და ზოგადად სამშენებლო სექტორიც და ბიზნესიც უკვე გადაეწყო იმ მოთხოვნებზე, იმ მიდგომებზე, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ და ზუსტად ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი" - აღნიშნა თბილისის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






