სუს-ის მიერ დაკავებული კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორთან დაკავშირებით ოპოზიცია დამატებით დეტალებზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, კომპანიას, რომელმაც ფული აიღო და სამუშაოები არ შეასრულა, თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ხმალაძე მფარველობენ.
საუბარია, 7 მილიონიან კონტრაქტზე, რომელიც პრემიერის დავალებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ „ბილდინგ დეველოპმენტს“ გაუფორმა. არსებული ინფორმაციით, კონტრაქტი მაშინ გაფორმდა, როცა სუს-ში აღნიშნული შპს-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაწყებული იყო.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეს საქმე კიდევ უფრო სკანდალურია, რადგან გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი კახა კალაძის პირველი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის ძმა, ჯაბა ხმალაძეა. ირაკლი ნადირაძის თქმით, აუცილებელია, დაიკითხოს ჯაბა ხმალაძე, ასევე ვიცე მერი და მისი ძმა ირაკლი ხმალაძე. ნადირაძე ასევე ითხოვს დედაქალაქის მერის დაკითხვასაც. მისი თქმით, კალაძემ და ხმალაძემ უნდა დაამტკიცონ, რომ ჯაბა ხმალაძესთან ერთად კორუფციულ გარიგებაში არ მონაწილეობდნენ.
„თუ მათივე ლოგიკას გავყვებით და საქმე იყო აღძრული, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ გააფორმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯაბა ხმალაძემ ასეთ კომპანიასთან შვიდი მილიონიანი ხელშეკრულება. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, დაიკითხოს ბატონი ჯაბა ხმალაძე, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის კახი კალაძის პირველი მოადგილის, ანუ ვიცე მერის ძმა. ფაქტია, რომ ამ კომპანიას აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება და თუ აქამდე ამ კომპანიას მფარველობდა ბატონი ღარიბაშვილი, ახლა ენერგოსექტორის მიმართულებით მფარველობს ამ ადამიანს ბატონი ხმალაძე და ბატონი კალაძე, რომელიც ყველასთვის ცნობილია, რომ არის ენერგომაფიის ხელმძღვანელი საქართველოსი. სწორედ ამიტომ, უნდა დაიკითხოს ბატონი ჯაბა ხმალაძე, რომელიც არის ხმალაძის ძმა, დაიკითხოს ბატონი კალაძე და უწევდნენ თუ არა ისინი მფარველობას ამ კორუფციულ გარიგებაში ბატონ ჯაბა ხმალაძეს.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






