უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აღიარა, რომ ნასამართლევია, თუმცა იქვე დასძინა, რომ კრიმინალი არ არის.
ქვარაია გულახდილობის განწყობაზე მას შემდეგ დადგა, რაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ მთაწმინდაზე გუშინ ჩატარებულ არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობაზე ისაუბრა.
კერძოდ, კახიძემ თქვა, რომ შემაშფოთებელია, როცა მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან იმ სამყაროს წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც მოქალაქეების საკუთრებას და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და საკმაოდ მაღალი სტანდარტით ხდება ყველაფერი. რაღაც ჩირქი მოვცხოთ ამ არჩევნებს და ვიღაცისკენ ხელი გავიშვიროთ, ცოტა უხერხულია ჩვენი ამომრჩევლების მიმართ გამოვიჩინოთ ასეთი უპატივცემულობა, რომ ვიღაცა თავს ახვევს, კრიმინალი იქნება ის თუ ვინ იქნება. ჩვენი ამომრჩეველი მგონი არ ღებულობს ასე მარტივად გადაწყვეტილებას და საკმაოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით მიდის არჩევნებზე. ცოტა გაუგებარია, რომ ადამიანებს კრიმინალის იარლიყი ასე უპასუხისმგებლოდ ვესროლოთ და მივაწებოთ, ეგ არ არის სწორი, მით უფრო ბატონი ოთარისგან გამიკვირდა ნამდვილად. ნასამართლევი თუა ადამიანი, ის კრიმინალი რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს, როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, - განაცხადა ქვარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






