ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა აქტივობისა და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეს-სპიკერის თქმით 17:00 საათის მდგომარეობით აქტივობამ თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 32.5 %, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია. მისივე ინფორმაციით, შუალედური არჩევნების პირველ ტურზე, 17:00 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 26.6%.
„უნდა აღინიშნოს, რომ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდად, ყველსათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, ამომრჩევლის გარეთ აღრიცხვასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნის გარეთ კომისია არ ახორციელებს კონტროლს. ამომრჩევლის აღრიცხვა კანონმდებლობით არ იკრძალება, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ დაცული იყოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის პრინციპი. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება საჩივრებს, პრეს-სპიკერის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 2 საჩივარი. ერთი შეეხება წილისყრის პროცესში კომისიის წევრის მიერ მონაწილეობაზე უარს და მეორე - „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ საჩივარი ეხება №17-ე საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მას მიეცა გაფრთხილება და ფაქტი აღმოიფხვრა.
მასალის გამოყენების პირობები






