ყველაფერ აქედან ირიბად ჩანს, რომ ხელისუფლებაში კლანებს შორის ბროძლა მიმდინარეობს. კერძოდ, ამ კუთხით ახსენებენ ვანო ჩხარტიშვილის, რომელიც ქართული ბიზნესის, პრინციპში, რუხ კარდინალად ითვლება. ამ ვერსიას არსებობის უფლება მით უფრო აქვს, რომ თურნავა ჩხარტიშვილის კადრია და მისი დირექტივებით მოქმედებს.
თურნავა რომ ჩხარტიშვილზე, ან სხვა ვინმეზეა დამოკიდებული, ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ პარლამენტში მისულმა ეკონომიკის მინისტრს, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტზე ოპოზიციის მოთხოვნით დაიბარეს, პასუხების გაცემა ყველა მწვავე კითხვაზე გაუჭირდა. ყოველ შემთხვევაში, ქალბატონმა მინისტრმა დამოუკიდებელ დეპუტატს, ისნის მაჟოირტარ დავით ჭიჭინაძეს კითხვების საპასუხოდ სიტყვა ბანზე აუგდო და შეეცადა, პასუხებისგან თავი დაეძვრინა.
დავით ჭიჭინაძემ თურნავას შვიდი მწვავე კითხვა დაუსვა. კერძოდ, დამოუკიდებელი დეპუტატი დაინტერესდა:
1. ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ სახელმწიფოს ქმედებით ან უმოქმედობით შეეზღუდება კონკურენცია და ისეთმა კომპანიამ, როგორიაცაა APM, საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა ჩვენ ქვეყანას?
2. ეკონომიკის სამინისტროში ფოთის პორტის მიერ შეტანილ განცხადებაზე მშენებლობის ნებართვის შესახებ პროცედურულად შეიძლება იყოს ასეთი პასუხები: ხარვეზი, თანხმობა, განუხილველი; ჩვენ გვაქვს პასუხი - „თანხმობა“ და შემდეგ - „თანხმობის გაუქმება“, გთხოვთ გვიპასუხოთ, რა არის ამ განცხადების დღევანდელი სტატუსი.
3. როგორც ეკონომიკის მინისტრი და ეკონომისტი, თვლით თუ არა, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტის და კონკურენციის არსებობა ხელს შეუშლის რომელიმე პორტის ფუნქციონირებას , ან ორივეს ფუნქციონირებას?
4. დღევანდელი მონაცემებით, იზრდება როგორც მშრალი ტვირთების, ისე კონტეინერების გადაზიდვა, მოსალოდნელია უფრო მომატებაც (მაგ. კარბამიდის გადატვირთვა ქართული პორტებიდან). ფოთის პორტი სპეციალიზირდება ნაყარ ტვირთებზე, ანაკლიის პორტი საწყის ეტაპზე საკონტეინერო გადაზიდვებზე; ასეთ პირობებში ფოთის პორტი, რომლის მმართველი კომპანია საკონტეინერო გადაზიდვების მსოფლიო ლიდერია, გაზრდილ ტვირთბრუნვას მომზადებული როგორ შეხვდება, თუ სახელმწიფო არ იძლევა ტვირთბრუნვის ნებართვას?
5. იმ შემთხვევაში, როცა ანაკლიის კონსორციუმი მოითხოვს სახელმწიფოს მონაწილეობას (თანადაფინანსებას, სახელმწიფო გარანტიებს), ხოლო APM პროექტის განხორციელებას გეგმავს საკუთარი და სხვა კერძო ინვესტიციებით, სახელმწიფომ რა როლი უნდა შეასრულს?
6. ანაკლიის კონსორციუმის განცხადებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა სახელმწიფოს ათამდე მოთხოვნა წაუყენეს, ეს პირობები უკვე შეთანხმდა და, საერთოდ, ეს პირობები მოიცავს თუ არა APM-ის განცხადებაზე უარის თქმას?
7. ჩვენთვის ცნობილია, რომ APM-მა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა, განახორციელა რა ფოთის პორტში 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, ესე იგი, სახეზეა ინვესტორი, რომელიც აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, თან მსოფლიო გადაზიდვებში ლიდერი კომპანიაა და ვაცნობიერებთ თუ არა სახელმწიფოსთვის იმ მოსალოდნელ რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს როგორც უარს APM-ის განცხადებაზე, ასევე, საკითხის გაჭიანურებას, ან იმ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდით განცხადების ჯერ დაკმაყოფილებით და შემდეგ გაუქმებით?
სხვათა შორის, დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე, ჭიათურის მოვლენებსაც შეეხო და ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა:
„21-ე საუკუნეში კვებაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ადამიანები ითხოვდნენ, რომ სადაც სხედან იქვე ურიგდებათ დღიური რაციონის პაკეტები, ღირებულებით ლარი და ოთხმოცი,. და იმის მაგივრად, რომ მაგიდა მაინც მოაწყონ, ძაღლებივით ფეხზემდგომელები ჭამენ. ეს საკითხი მაინც თუ დააყენეთ და შეათანხმეთ?“
ნათია თურნავას პასუხი არც ამ კითხვაზე ჰქონდა. ანუ, მან თქვა, რომ ამ საკითხში ჩარევის აუცილებლობას ვერ ხედავს. ერთი სიტყვით, ამ პასუხგაუცემელი კითხვებით დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ თურნავა კარგი ეკონომისტი და პროფესიონალია.
მასალის გამოყენების პირობები






