საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ძლიერ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას:
"საქართველო ძლიერი სამხედრო მოკავშირეა აშშ-ისთვის. ის არის რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გამწევი დემოკრატიის შუქურა. ჩვენ მაღალ წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ გლობალური პოლიტიკის რინგზე. ქართველი სამხედროები ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთსა და ერაყში. მახარებს, რომ აშშ-ის კონგრესმა ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარა და ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობთ. გასულ თვეში წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიისგან ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას და რუსეთის ავანტიურიზმი დასჯადი გახდება სანქციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტების გამოყენებით. საქართველო დედამიწაზე ბოლო დიდი და ბოლომდე აღმოუჩენელი ადგილია. ჩვენი ბუნება შავი ზღვის სანაპიროდან იშლება ევროპაში ყველაზე მაღალ მთათა სისტემამდე და კავკასიონის დიდ კალთებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს ღვინის წარმოების ხელშემწყობი კლიმატი, რაც ჩრდილოეთ კალიფორნიის ამინდს წააგავს. ჩვენს კულტურას ფესვები გადგმული აქვს ევროპულ ღირებულებებსა და ცივილიზაციაში. გახსნილები ვართ ბიზნესის კეთებისთვის და მივესალმებით კალიფორნიელ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოში მრავლად არსებულ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენი რეგიონული ბაზარი გულისხმობს ნახევარ მილიარდ მომხმარებელზე წვდომას. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო უნიკალურ შესაძლებლობებს ვთავაზობთ ამერიკელ ბიზნესმენებს, რომლებიც ევროპისა და აზიის ბაზრებზე გასვლას ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მოახერხებენ." - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
მასალის გამოყენების პირობები






