უწყების ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ. აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე.
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, 10 ბავშვის მეურვეობა ბებიებს გადაეცათ და ისინი დღესვე დატოვებენ მინდობითი აღზრდის დაწესებულებებს და საქართველოს. ზურაბ თოდუას თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა, რომელიც ადასტურებს, რომ 10 ბავშვი იური და იულია სუსლიაკის შვილები არიან.
იულია სუსლიაკი ზუგდიდში დააკავეს. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინიდან ათ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბავშვებს, რომელსაც საკუთარ შვილებად ასაღებდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას და სავარაუდოდ, გაყიდვას უპირებდა.
მასალის გამოყენების პირობები






