სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი აზრით დანაშაულის მომზადებისთვის დაკავებული უნდა იყოს. გოგაშვილი პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შეკვეთაში ადანაშაულებს:
„ის გამოძიება არ დასრულებულა და იმედი მაქვს, რომ კიდევ არსებობს მტკიცებულებები გარდა იმისა რომ ისინი ჩავიდნენ იქ და ნახეს, ჩემი გადმოსახედიდან, იურისტი არ ვარ მაგრამ ვთვლი, რომ ის ადაიანი დანაშაულის მომზადებაზე დაჭერილი უნდა იყოს. მალხაზ მაჩალიკაშვილი თვითონ განმხორციელებელი ვერ იქნებოდა, ის არის შემკვეთი, ამიტომ განმახორციელებელი ვინ იქნებოდა, ამის საფრთხე არსებობს და ამ საფრთხეს ვხედავ.“- განაცხადა სოსო გოგაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვაზე თუ გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დამნაშავეა, რატომ არის ის რუსთაველი გამზირზე და არა საპატიმროში, გოგაშვილმა უპასუხა, რომ ის მალე იქ აღარ იქნება:
„იმედი მაქვს რომ იქ [რუსთაველზე] აღარ იქნება ძალიან მალე, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს ასეთი რაღაცა გაუვიდეს.“- განაცხადა გოგაშვილმა.
შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე ერთ წელზე მეტია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავს და მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ს უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას მისი მშობლების საფლავზე გეგმავდა. ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით დაკითხეს და მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
მასალის გამოყენების პირობები






