შსს-მ მკვლელობის მეორე დღეს, გაავრცელა ცნობა, რომ მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი გ.ბ. დააკავეს. მკვლელობიდან მეოთხე დღეს კი გავრცელდა ასევე ოფოციალური ინფორმაცია, რომ გ.ჯ პოლიციას თავად ჩაბარდა.
აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“.
ამ განცხადების შემდეგ მედიისა და დაღუპულთა ოჯახის წევრების ინტერესი თავიდან ბოლომდე საქმის არსებითი განხილვისკენ იყო მიმართული, რომელიც თბილისის საქალაქოსასამართლოში 2018 წლის 22 იანვარს დაიწყო.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავიდანვე ამბობდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული.
სარალიძე პროკურატურის „ოქროს მოწმეს“ მიხეილ კალანდიას, მისი შვილის მკვლელს უწოდებდა. საქმეში უმალევე გაჩნდა პროკურატურის მაშინდელი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სახელი და გვარიც, რადგან მოზარდების კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, მოწმე, სწორედ მისი ვაჟი იყო.
ზაზა სარალიძე პირდაპირ აცხადებდა, რომ სწორედ მირზა სუბელიანი მფარველობდა, მის ნათესავს, მიხეილ ლაკანდიას.
აღსანიშნავია, რომ რეზონანსულმა საქმემ და საქალაქო სასამართლოს მაშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც დაადგინა, რომ უცნობი იყო ვინ მოკლა დავით სარალიძე საზოგადოების ფართომასშტაბიანი აქციები გამოიწვია, რასაც საბოლოო ჯამში მაშინდელი მთავარი პროკურორის გადადგომა მოჰყვა. ამის მიუხედავად ზაზა სარალიძე კვლავინდებურად ითხოვდა სამართლის აღდგენას და პარლამენტის წინ კარავში ათევდა ღამეებს. შვილმოკლული მამა „საკენკის გადმოგდებას“ უწოდებდა მირზა სუბელიანის დაკავებასაც, რომელიც 2018 წლის 9 ივნისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისშეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს.
სარალიძე საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილე, პროკურატურის მაღალჩინოსნებისა და პირველ რიგში მიხეილ კალანდიას დასჯას მოითხოვდა.
საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ, არ არის გამორიცხული შსს-მ იმ მაღალჩინოსნებისა და პროკურორების წინააღმდეგაც აღძრას საქმე, რომლებმაც 2 მოზარდის მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები გააყალბეს.
სარალიძისა და საზოგადოების უკმაყოფილება და ეჭვი, რომ კალანდიას პროკურატურა მფარველობდა, საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებებმა გამოუწვიეს. ეს უკანასკნელი პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ საქმეში ვერ იპოვეს ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც კალანდიას მკვლელობაში მონაწილეობას დაადასტურებდა.
"კალანდიას მამხილებელი მტკიცებულებები არ არსებობს"- აცხადებდა პროკურორი.
პარლამენტში მიმდინარე ხმაურიანი განხილვების დროს საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს სახელმწიფოს მხრიდან კალანდიას ლობირებაზე საუბრისას არგუმენტად მოჰყავდათ ის ფაქტი, რომ საქმეში მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ იყო წარმოდგენილი. არადა მისი ტანსაცმლის ექსპერტიზა მისცემდა საგამოძიებო კომისიას და თავად გამოძიებას პასუხს, მონაწილეობდა თუ არა კალანდია ხორავას ქუჩის სასტიკ მკვლელობაში.
ფხაკაძე ამის საპასუხოდ აცხადებდა, რომ მიხეილ კალანდიას ქურთუკის ექსპერტიზა არ ჩატარდა, რადგან საქმეს ახალ დეტალებს არ შემატებდა.
მეტიც, პროკურორი ფხაკაძე დეპუტატებს უმტკიცებდა, რომ დანაშაული, რომელიც შეიძლება კალანდიას ჩაედინა, შესაძლოა, ცემით დაკვალიფიცირებულიყო.
"მ.კ. როდესაც მიდის ფარდულამდე, სასამართლო სხდომის ოქმებში რაც ფიქსირდება იმის ციტირებას ვახდენ, იმ მომენტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვენი ვერსიით დაჭრილი ჰყავს დათო სარალიძე, შესაბამისად, საქმის გარემოებებით, არ დასტურდება, რომ გ.ბ. როდესაც დანას არტყამს სარალიძეს, მ.კ. იმყოფება ფარდულში და მუშტებს ურტყამს სარალიძეს. როდესაც მ.კ. მიდის ფარდულთან, გ.ბ. შემობრუნებულ დათოს არტყამს და გადადის „პასატის“ ავტომანქანის მიმართულებით. მ.კ. თვითონ საუბრობს, რომ გ.ჯ. როდესაც ურტყამს დათოს, ექაჩება სარალიძეს და მარცხენა მხარეს არტყამს ხელს. ამის განზრახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის? კალანდიას მიზანი ის კი არ არის, რომ დაუჭიროს ან გაუკავოს სარალიძეს ხელი, მისი მიზანია მოაშოროს დათო სარალიძე გ.ჯ.-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით. რაც შეეხება კალანდიას ჩვენებაში სიტყვა „მოეშვას“, ეს იმიტომ წერია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭრილია. რამდენიმე წამში უკვე რეფლექსების მოდუნებას იწვევსეს დაზიანება. ჩვენ ამ ყველა გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამონაწილეობა არ არის. სხვა დანაშაულს რაც შეეხება, ცემის ფაქტს შეიძლება ჰქონდა ადგილი"- აცხადებდა ფხაკაძე.
და იქვე დასძენდა: "გამოძიებამ ეცადა, რომ მ.კ-ს მიმართ რაიმე მამხილებელი მტკიცებულება მოგვეპოვებინა, მაგრამ არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც მ.კ.-ს მხრიდან დავითზე დანისდარტყმას დაადასტურებდა...".
ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ხმაურიანი გამოძიებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, საქმე კვლავ დღის მთავარი თემაა და არ არის გამორიცხული, რომ ხმაურიანი დაჭერები გაგრძელდეს.
მასალის გამოყენების პირობები






