„მივმართავთ საქართველოს ხელმძღვანელობას და მსოფლიო თანამეგობრობას, მხარი დაუჭირონ ჩვენს არჩევანს და მიიღონ ინგუშეთი საქართველოს შემადგენლობაში, ასევე განახორციელონ პასპორტიზაცია საქართველოს ან „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია და იტალია) შიდა პასპორტებით“, – ნათქვამია რუსული მედიასაშაუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ამ ტექსტის ავტორობას ინგუშ ოპოზიციონერებს მიაწერს.
ინგუშეთის ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც უკცე რამდენიმე თვეა ინგუშეთის ლიდერ იუნუს-ბეკ ევკუროვის წინააღმდეგ აქციებს ატარებს, აცხადებს, რომ ამ პროკლამაციებთან საერთო არ აქვს და მისი გამავრცელებლები ოპოზიციის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ, სურთ მათ "ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის" იარლიყი მიაკრან, დისკრედირტაციისა და შესაძლო რეპრესიული ზომების გატარების მიზნით.
რუსული მედია უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ოპოზიციური მოძრაობის მხარდამჭერებს ადრე კავშირები ჰქონდათ საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ასევე, მაგალითად მოჰყავთ 2011 წელს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მოქმედების „ჩერქეზების გენოციდად“ აღიარების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება 19-ე საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა (ადიღელთა) წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით მიიღო, როდესაც მოხდა მათი მასობრივი განადგურება და იძულებითი განდევნა ისტორიული სამშობლოდან.
ასევე, კრემლის დავალებით, პორტალი Eurasia Daily აცხადებს, რომ ოპოზიციას მხარს უჭერს "ყაბარდო–ბარყარელი საზოგადო მოღვაწე იბრაგიმ იაგანოვი, რომელიც ცნობილია ჩრდილოეთ კავკასიაში „ქართული სასწაულის“ პროპაგანდირებით".
იბრაგიმ იაგანოვი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას კატეგორიულად უარყოფს, ხოლო სააკაშვილისა და საქართველოსადმი ინტერესს იმ ფაქტით ხსნის, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანამ მოკლე დროის განმავლობაში შეძლო ქაოსიდან და კორუფციისგან თავის დაღწევა და სამართლებრივ სახელმწიფოდ გადაქცევა, ხოლო რუსეთში კი კორუფციულ-ავტორიტარული რეჟიმი გრძელდება, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებას უკვე მოსახლეობის 70% აკრიტიკებს.
მასალის გამოყენების პირობები






