EWMI ACCESS-ი და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის მონიტორინგი ჩაატარა.
28 მაისს აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმის ამოქმედებიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით ტექინსპეტირება გაიარა სულ 322 580 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, რომლისგანაც72%-ს პირველადი ინსპექტირება წარმოადგენდა, სადაც დახარვეზების მაჩვენებელი 52% იყო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მონიტორინგისას ტექინსპექტირების პროცესის მრავალი ხარვეზი გამოვლინდა:
* რეფორმის მონიტორინგის პირველი ეტაპის მსგავსად, ამჟამადაც არ არსებობს ინსპექტირებასთან დაკავშირებით კონკრეტული სახელმწიფო სტრატეგია, ან გეგმა. არ არის ნათლად გაწერილი რეფორმაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეფორმის კოორდინაციას და ზედამხედველობას.
* არ არსებობს ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ავტოპარკის მდგომარეობის ანალიზს. პროცესის მონიტორინგი ხდება მხოლოდ 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების გამოთხოვით და დაკვირვებით.
* გაიდლაინების არსებობის მიუხედავად, ხშირია არაერთგვაროვანი მიდგომა პტი ინსპეტორების მხრიდან. ერთგვაროვანი მიდგომის უზრუნველსაყოფად, სასურველია ინსპექტორების პერიოდული გადამზადება.
* კვლევის ამ ეტაპზეც დაფიქსირდა ერთჯერადი მანიპულაციები ავტომფლობელების მხრიდან: გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება; ავტონაწილების და აღჭურვილობის (საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) თხოვება-ქირაობა. ასეთი შემთხვევების გამოსარიცხად, სასურველია დაინერგოს გარე კონტროლის მექნიზმი. ამას ადასტურებს ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც სატესტო გზისპირა ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 12 ინსპექტირებაგავლილ სატრანსპორტო საშუალებას. მათგან 5-მა ვერ დააკმაყოფილა გამონაბოლქვის ტესტის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამ გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი გზა პატრულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე პტი ცენტრში გადამისამართება ან დაჯარიმება წარმოადგენს.
* მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლიც. ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა (ბენზინის შემთხვევაში) და კვამლიანობის დონე (დიზელის შემთხვევაში), რაზე მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. სხვა დამაბინძურებლების კონტროლი მხოლოდ 2020 წლიდან დაიწყება, როცა კატალიზატორები გახდება სავალდებულო. თუმცა სახელმწიფო, ბაზარი და მომხმარებლები არ არიან მზად რეფორმის ამ ნაწილისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






