როგორც „ნიუპოსტს“ ალაფიშვილმა თემის კომენტირებისას განუცხადა, ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ლოიალურ და პოლიტიკურ დავალებებში უკვე გამოცდილ კადრის დანიშვნას შეეცდება, რაც ექსპერტის თქმით გრძელი თუმცა სახიფათო გზაა.
"სანამ ვინმეს და მით უმეტეს შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე ვიმსჯელებთ, უნდა ითქვას, რომ როგორც ბატონი თადუმაძე ასევე სხვები უნდა გახდნენ უზენაესი სასამართლოს წევრები საიდანაც ხდება არჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის. აქამდე კი შორია. ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ უზენაესი სასამართლოს კომპლექტაცია დასრულების შემდეგ, რამდენიმე თანამდებობა იქნება ამ მოსამართლეთაგან დასაკომპლექტებელი. მხედველობაში მაქვს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები. ამდენად, წინ გრძელი და საინტერესო პროცესი გველის, რომელიც ვფიქრობ პოლიტიკური გავლენებისგან დაცლილი არ იქნება. ამ ყველაფერს მაფიქრებინებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი თავაძის მონაწილეობა კონკურსში. თავაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. დომინამტ ჯგუფთან საკმაოდ დაახლოებულია. ჩინჩალაძისა და მისმა ურთიერთობამ განაპირობა ის, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ასევე ნინო გვენეტაძეს წარუდგინეს და მხარი დააჭერინეს კანდიდატისთვის, რომელსაც გვენეტაძე საერთოდ არ იცნობდა და ეს ფაქტი გვენეტაძემ აღიარა კიდეც.
ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ თვითონ სამთავრობო პოლიტიკურ გუნდში რაღაც კონფიგურაცია ვიხილოთ და გაიყონ თანამდებობები. თუმცა, ეს გაყოფა არ მგონია მარტივი იყოს, რადგან პროცესი მოხვედრილია საზოგადოების ყურადღების ცენტრში და შესაბამისად, თითოეული ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება თუ გადაწყვეტილება, შესაბამის რეაქციას გამოიწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მით უმეტეს, ქვეყნის გარედანაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით წუხილები და მკვეთრი შეფასებები დიდი ხანია ისმის"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ლევან ალაფიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მთავრობასთან დაახლოებული პირი იყოს.
"პოლიტიკურად ლოიალური და სხვა პოლიტიკური დავალებების შესრულებაში უკვე გამოცდილი პირი სურთ. თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლებას ძვირი ფასის გადახდა მოუწევს, თუმცა რეალობა ასეთია, რომ უზენაესი სასამართლოს მმართველობაში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთი ადამიანი. სისტემის პოლიტიკური კონტროლისთვის შეიძლება დათმო თავმჯდომარის პოსტი, თუმცა შენი კაცი გყავდეს მოადგილეების სახით. გვახსოვს, თავმჯდომარე იყო ნინო გვენეტაძე, მაგრამ რეალურად მოადგილეებიც კი არა, ქვედა რგოლის მოსამართლეები მართვდნენ პროცესებს. ამ ეტაპზე კონკრეტული გვარებზე საუბარი ადრეა, თუმცა ამ სიაში არიან ისეთი ადამიანები, ვინც უკვე გამოცდილები არიან პოლიტიკურ ლოიალურობაში, მათ შორის თავაძე და თადუმაძე. ფაქტია, რომ მმართველი გუნდი საკმაოდ რთული პროცესების წინაშე დადგება, რადგან ამ კანდიდატების მხარდაჭერა, მოახდენს მათ ლუსტრირებას და ისინი გადაიხდიან საკმაოდ ძვირფას ფასს"- განაცხადა ალაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






