დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატად წარუდგენს პარლამენტს - ჟურნალისტების ამ კითხვის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საბჭოს მიერ კანდიდატურების წარდგენამდე და გასაუბრების ჩატარებამდე, ნაადრევია პარლამენტის მიერ ვინმეს მხარდაჭერაზე საუბარი.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაბამისი კანდიდატების გადასაწყვეტი იყო, მიიღებდნენ თუ არა ისინი კონკურსში მონაწილეობას.
„სწორედ ერთ-ერთი რეკომენდაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პროცესი გახსნილი ყოფილიყო და ყველას მისცემოდა საშუალება. ზუსტად ეს უზრუნველყო საქართველოს პარლამენტმა მიღებული კანონით. შესაბამისად 144-მა ადამიანმა გადაწყვიტა ამ შერჩევაში მონაწილეობა. ახლა ჯერი იუსტიციის საბჭოზეა, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩევს თუ არა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ამ პოზიციებისთვის. საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას მოიღებს პარლამენტი. ვიდრე პარლამენტს საბჭოსგან კანდიდატურები არ წარედგინება, ვიდრე ჩვენ არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს საქართველოს პარლამენტი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვლის განცხადებას, რომ საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც 144-კაციან სიაში გვხვდება, განაცხადი არასრულად აქვს შევსებული, რაც კანონდარღვევაა, კობახიძე ამბობს, რომ ამას ჯერ იუსტიციის საბჭო, შემდეგ კი პარლამენტი გადაამოწმებს.
მასალის გამოყენების პირობები






