მალხაზ ჭკადუას თქმით, მათ „იაფი სახლის“ პროექტზე 2015 წლიდან არაერთი კვლევა მოამზადეს. მისი თქმით, პროგრამა თავიდანვე კითხვის ნიშნებს აჩენდა და არ იყო გამორიცხული კორუფციის რისკები.
ჭკადუას კითხვები გამოძიებასთან აქვთ. მაგალითად რატომ დასჭირდა პროკურატურას საქმის გამოსაძიებლად ორ წელზე მეტი, როცა პროექტთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა და ამ პროგრამით და ტენდერებით აუდიტის სამსახურიც დაინტერესებული იყო.
„მერიის მასშტაბური პროგრამის „იაფი სახლის“ მიმდინარეობა იყო პრობლემური, ჩვენი აზრით, იმიტომ, რომ პროგრამის დაწყებამდე არ მომხდარა ბაზრის კვლევა. არ იყო გათვალისწინებული კორუფციის რისკ-ფაქტორები რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობდით. ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე ავანსის სახით მთელი ღირებულების 40% გადარიცხვა, რა თქმა უნდა იყო ძალიან პრობლემური საკითხი და ამაზე არაერთხელ მივუთითებდით, როგორც კვლევებში ასევე საჯარო განცხადებებში. ბუნებრივია, დაინტერესება იყო აუდიტის სამსახურისგანაც.
ჩვენ ახლა ვსვამთ კითხვას, რატომ დასჭირდა პროკურატურას ამდენი ხანი, თითქმის ორი წელი აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებიდან დღემდე, რათა გარკვეულ კონდიციამდე მისულიყო საქმის გამოძიება,“-აცხადებს მალხაზ ჭკადუა.
აჭარაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები გუშინ დააკავეს. მათ მილიონ-ნახევარი ლარის უკანონო გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ადავებიან.
საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის “იაფი სახლის” ტენდერს ეხება.
გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.
მასალის გამოყენების პირობები






