„ჩვენ ვაპროტესტებთ აფგან მუხთარლის საქმეს თბილისში, იმიტომ რომ ის აქედან საქართველოს ხელისუფლებამ გაიტაცა. სწორედ ამიტომ არ იძიებენ ამ საქმეს. მე მიწერია აქ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი 2 მილიარდ დოლარად გაიყიდა საქართველოდან, რადგან თქვენს ქვეყანაში აფგანის გატაცებიდან ერთი თვის შემდეგ აზერბაიჯანული ორი მილიარდის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. საქართველო აღარ არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო ადგილი.“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეს საქართველოში მიმდინარე გამოძიების იმედი არ აქვს. ლეილა მუსტაფაევას თქმით ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მუხთარლის მეუღლის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გამოძიება, რადგან ძალიან კარგად იციან რაც მოხდა სინამდვილეში.
„უკვე ორი წელია საქართველოს პროკურატურამ ვერ გამოიძია აფგან მუხთარლის მოტაცების ამბავი. ახლა ჩვენ ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებმა იციან რაც მოხდა. თუმცა ქართულ ოცნებას და საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, ამიტომ არ სჯის პროკურატურა არავის. ჩემი ქალიშვილი უკვე ორი წელია ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა იგი ელოდება და ენატრება მამა.“- განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ
საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს საქართველოს სამოქალაქო სექტორიც, საიას ხელმძღვანელის თქმით აუცილებელია, რომ ამ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სულხან სალაძის განცხადებით ეს საქმე ხელისუფლებას შავ ლაქას იქამდე გაჰყვება, ვიდრე საქმე გამოძიებული არ იქნება.
„აფგან მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად გაჰყვება სანამ ამ საქმეზე გამოძიება არ იქნება მიყვანილი ბოლომდე. უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ვინაიდან ჩვენ მაღალი რეზონანსული საქმის შესახებ პრაქტიკულად არაფერი გაგვიგია ახალი გამოძიების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საგამოძიებო ორგანოები რამდენად კანონთან შესაბამისად მოქმედებდნენ ამ პროცესში.“- განაცხადა სულხან სალაძემ.
დღეს, 29 მაისს, 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან გამომძიებელი და ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გაიტაცეს. ის აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იხდის.
მასალის გამოყენების პირობები






